თარიღი: 22 ივნისი, 2020
ალბათ ხშირად გინახავთ ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში უცნაურად, ან კონტექსტის შეუსაბამოდ იქცევიან. მათგან განსხვავებული ადამიანების დანახვისას არ იციან რა მოიქმედონ, იბნევიან, ეშინიათ და იწყებენ ტირილს, ცდილობენ იმ ადგილს მოსცილდნენ, ან თავის დაცვის მიზნით შესაძლოა მიმართონ ფიზიკურ ან ვერბალურ აგრესიას.
განსხვავებები, რომელიც ხშირად მათ აბნევთ ან აშინებთ შესაძლოა ეხებოდეს სხვების ფიზიკურ იერსახეს : დიდ წვერს, სვირინგებს, პირსინგს, ფერად თმებს. ასევე, განსხვავებულ აქცენტს საუბრისას, კილოს ან სხვა ენას, შესაძლოა ასევე ეხებოდეს კანის ფერს, სხვადასხვა ერებისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ფიზიკურ ნიშნებს და ასევე, განსხვავებულ წესებს თუ ტრადიციებს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მისალმებასა და დამშვიდობებაში, იუმორში, კომუნიკაციის სტილში და სხვა.
სოციალური მგრძნობელობა არის ერთგვარი სოციალური სიმწიფე, რომლის შედეგადაც ინდივიდს შეუძლია ამოიცნოს, იგრძნოს და გაიგოს სხვების განცდები სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში, გამოიჩინოს სხვების შეხედულებების, ტრადიციების თუ განცდების მიმართ პატივისცემა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის , ერთი მხრივ, სოციალური კონტექსტის, მეორე მხრივ, კი ადამიანების გრძნობებისა და შეხედულებების სწორად გაგების უნარი. იგი განიხილება, როგორც ემოციური ინტელექტის ელემენტი და განსაზღვრავს სოციალურად ინტელექტუალური ადამიანის ზოგიერთ მახასიათებელს, მაგ, შეცდომების აღიარების უნარს; სხვების ისეთად მიღებას, როგორებიც არიან; სხვისი განწყობის ამაღლების უნარს, სოციალური პრობლემების გადაჭრას, მოქნილად აზროვნების შესაძლებლობას და ფართო ინტერესების არსებობას. სოციალური მგრძნობელობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები მოიცავს ადამიანებისადმი კეთილგანწყობას; მათთან ურთიერთობებში წესებისა და ნორმების ფართო ცოდნას; სხვა ადამიანების პერსპექტივის გათვალისწინების უნარს; სოციალურ სიტუაციებში ადაპტაციის შესაძლებლობას; სითბოს და მზრუნველობის გამოვლენას და ღიაობას ახალი გამოცდილების, იდეების და ფასეულობების მიმართ.
ინდივიდის სოციალური მგრძნობელობის პირველადი გამოვლინება შესაძლოა დაიწყოს 6 თვის ასაკიდან და მკვეთრი გამოხატულება ჰპოვოს 12 თვის ასაკში. ჩვილობისას გამოხატული ადრეული სოციალური მგრძნობელობა ვლინდება ბავშვის რეაქციაში, ადამიანის სახის გამომეტყველების ცვლილებაზე. კერძოდ, იგულუსხმება ბავშვის პირველი რეაქცია, როდესაც ხვდება რომ მისი ქცევები სხვა ადამიანებში განსხვავებულ ემოციებს იწვევს, მაგ: გაცინება ან ტირილი. სოციალური მგრძნობელობის გამოვლენის ერთ-ერთი პირველი ფორმაა გაზიარებული ყურადღება, როდესაც ჩვილი იწყებს თვალის გაყოლებას მისთვის საინტერესო ნივთის მიმართულებით, ინტერესდება მასთან ახლოს მდებარე ნივთებით, რაც შეიძლება იყოს თოჯინა, მანქანა ან ბრჭყვიალა მკვეთრი ფერის ნივთი, ასევე თვალით კონტაქტის დამყარება დედასთან. ბავშვის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად ხდება მისთვის გასაგები, როდის აბრაზებს დედას/მამას/აღმზრდელს, რომელი ქცევაა მისაღები და რატომ და რომელი არა. ნელ-ნელა ბავშვი ახერხებს სიტყვების გარეშე მიხვდეს სხვათა სახის გამომეტყველებით (მიმიკებით/ექსპრესიით), როდის უხარიათ ან როდის სწყინთ, მოსწონთ მისი საჩუქრები ან ქცევა.
სოციალური მგრძნობელობის განმავითარებელი რეკომენდაციები:
სოციალური მგრძნობელობა, მარტივად რომ ვთქვათ, არის განსხვავებების სწორად აღქმის, შეფასებისა და მიღების უნარი, რაც საშუალებას გვაძლევს პატივი ვცეთ და ვაღიაროთ განსხვავებები. ადრეულ ბავშვობაში ამ უნარის ჩამოყალიბება იწყება ისეთი მარტივი ჩვევების ათვისებით, როგორიცაა სხვების ემოციების აღქმა, სხვისი არავერბალური მანიშნებლების სწორად გაგება, განცდების ამოცნობა და სახელდება, სოციალური სიტუაციის აღწერა და მეტ-ნაკლებად კონსტრუქციული ქცევა ყველა ამ სიტუაციაში. შესაბამისად, ასეთ მცირე ასაკში, რაკი განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე ვერ მოვთხოვთ ბავშვებს ემპათიას, სხვების განცდების სრულად გაზიარებას, თუ სხვების ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემას, ჩვენ ნიადაგს ვამზადებთ უფრო ბაზისური უნარების გავარჯიშებით, რაც სოციალური მგრძნობელობის განვითარების წინაპირობაა.
1. აუხსენით თქვენს ბავშვს სახის განსხვავებული ექსპრესიების შესახებ;
თქვენმა შვილმა უკვე იცის როგორ გამოხატოს ძირითადი განცდები, როგორიცაა სიხარული და წყენა, ბედნიერება და ბრაზი. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ადამიანს შეუძლია უამრავი ექსპრესიის გამოვლლენა. მოიძიეთ სურათები ინტერნეტით, სახის განსხვავებული გამომეტყველებებით, დააყენეთ ბავშვი სარკესთან და მიიღეთ სურათის შესაბამისი სახეები. პარალელურად, მოახდინეთ მათი სახელდება და დაწვრილებით ისაუბრეთ ემოციების შესახებ. ამის შემდეგ, ბავშვის რეაგირება თანატოლების ემოციებზე უფრო მოქნილი იქნება, ეცოდინება როგორ გამოხატოს განცდები უფრო სწორად.
2. ყოველდღიურად წაიკითხეთ მოთხრობები/სოციალური ამბები;
ეს არის ბავშვისთვის უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლოს ემპათია. მოთხრობების საშუალებით, მათ ესმით ადმიანების/ცხოველების თვისებების შესახებ და შეუძლიათ სხვისი პერსპექტივიდან დაინახონ რას გრძნობენ ადამიანები, როცა კარგი ან ცუდი რაღაც ხდება.
მოთხრობები/ამბები დაეხმარება ბავშვს იმის გაგებაში, თუ როგორ ახდენს ზეგავლენას მისი სიტყვები და ქმედებები გარშემო მყოფ ადამიანებზე.
გარდა ამისა, თუ ბავშვს აუხსნით, რომ ანალოგიურად ყველა ადამიანი ცუდად ან კარგად გრძნობს თავს, როდესაც გარკვეული რამ ხდება, იგი ეცდება, სიფრთხილე გამოიჩინოს ადმიანებთან ურთიერთობისას და თავიდან აირიდოს მათში უარყოფითი ემოციების გამოწვევა.
მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა კუთხიდან ხედვის და შეფასების უნარის განვითარება ეხმარება ბავშვს, რომ უკეთ გაუგოს თანატოლებს და სხვა ადამიანებს.
3. რიგრიგობით მოსმენის ტექნიკა
ყურადღებით მოსმენის უნარი ბავშვებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, სოციალური მგრძნობელობის გამოსავლენად. როდესაც თქვენს შვილს უნდა, რომ დაგელაპრაკოთ, ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ მას და შეეცადეთ ამ დროს მხოლოდ ბავშვს ეკუთვნოდეს. ასევე, როცა თქვენ ელაპარაკებით მათ, დარწმუნდით, რომ გისმენენ. სასურველია დასხდეთ, თვალებში უყუროთ და ისე ელაპარაკოთ. მოსმენის ეს ტექნიკა ჩვევად უნდა იქცეს. ამგვარი პრაქტიკა ხელს შეუწყობს თქვენს პატარებს უკეთ შეძლონ სოციალურ-ინფორმაციული პერსპექტივების დანახვა.
4. ესაუბრეთ თქვენს შვილებს სოციალური რუკების(მეფინგი) შესახებ.
ტერმინი „სოციალური რუკა“ გულისხმობს ბავშვის უნარს გაიგოს, მისი ქცევა რა გავლენას ახდენს სხვებზე. თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ მათ ეს კონცეფცია სხვადასხვა სიტუაციებით.
თავდაპირველად, დაიწყეთ ბარათებით სწავლება, აჩვენეთ ბავშვს ბარათები სხვადასხვა სოციალური სიტუაციებით და სთხოვეთ აღგიწეროთ რა ხდება თითოეულზე, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით რეალური სიტუაციების შეფასებაზე. მაგალითად, თუ თქვენი შვილი დადის საბავშვო ბაღში და მეგობარს წაართმევს სათამაშოს, ეს ქცევა, ორივე ბავშვისთვის ზიანის მომტანი იქნება. ერთი მხრივ, იმ ბავშვს, რომელსაც წაართვა სათამაშო, აღარ ექნება სურვილი, მასთან თამაშის, მეორე მხრივ კი თქვენი შვილიც ცუდად იგრძნობს თავს მარტო დარჩენის გამო.
როდესაც ბავშვებმა იციან და აღიარებენ პოტენციურ შედეგებს მათ ქმედებებზე, ისინი უფრო მგრძნობიარეები ხდებიან გარშემომყოფთა საჭიროებების მიმართ. სხვის სურვილების გათვალისწინების უნარის არქონა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის პერსპექტივიდან და ამავე დროს, უჭირს სხვა ადამიანის გრძნობებისადმი ემპათიის გამოხატვა.
5. ისაუბრეთ კულტურულად მიუღებელ სიტყვებზე, რომელიც ბავშვმა არ უნდა გამოიყენოს.
როდესაც თქვენი პატარები ახალ სიტყვებს სწავლობენ, ისინი ხშირად აღელვებულნი არიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სიტყვები აკრძალული ტაბუთი გვხვდება. ასე რომ, როდესაც იგი იყენებს ცუდ ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს, განმარტეთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს სიტყვები და აუხსენით, თუ რას გრძნობენ სხვა ადამიანები, როცა ეს სიტყვები ესმით, ასევე მოუყვეთ მათ სხვა ადამიანების შესაძლო გაბრაზებული რეაქციების შესახებ.
6. რეგულარულად გააცანით თქვენს შვილს ახალი სიტუაციები.
თუ აქამდე უცნობი გარემო, ბავშვისთვის გახდება ნაცნობი, აღარ გამოავლენს წინააღმდეგობას მსგავს სიტუაციაში მოხვედრაზე. ამისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს და შეისწავლოთ მათი კულტურა და გარემო; მიუთითოთ ყველაფერზე, რაც ლამაზად გამოიყურება; დაეხმარეთ იმის აღმოჩენაში, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ახალი ადგილები და ადამიანები.
თქვენი შვილები თქვენგან სწავლობენ, ასე რომ თუ ისინი ხედავენ რომ თქვენ გაქვთ დადებითი გამოცდილება განსხვავებულ სიტუაციებში, მათთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება ეს განსხვავებები. ხოლო, მომავალში, როდესაც ისინი კვლავ მოხვდებიან იმავე გარემოში, გამოხატავენ ცნობისმოყვარეობას და არა შიშს და აგრესიას. ასევე, უფრო თავისუფლად დაუმეგობრდებიან განსხვავბეული კულტურის მქონე ადამიანებს.
7. აღნიშნეთ სხვადასხვა კულტურის დღე.
თვეში ერთხელ შეგიძლიათ მოაწყოთ სხვადასხვა კულტურის დღეს, რომლის მიზანიც იქნება ამ კულტურის გაცნობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები, ისტორიები, დაამზადოთ ტრადიციული კერძები და ა.შ. მთავარია, თქვენს შვილს ნათელი წარმოდგენა შეუქმნათ, მსოფლიოს ამა თუ იმ ხალხებზე.
როგორც ვხედავთ სოციალური მგრძნობელობა, სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და მისი სწავლება ადრეული ასაკიდან იწყება. ეტაპობრივად სოციალური მგრძნობელობის განვითარებასთან ერთად ბავშვი არამხოლოდ იაზრებს სხვათა ემოციებისა და დამოკიდებულებების, თუ ღირებულებების არსებობას, არამედ სწავლობს განსხვავებულის მირებას და პატივისცემას.