თარიღი: 29 თებერვალი, 2024
როდესაც პრობლემა სხვანაირად ვერ გვარდება, თანამედროვე მედიცინა წყვილებს ხელოვნურ განაყოფიერებას სთავაზობს. მრავალი ქალი სწორედ ამ გზით ხდება დედა. საზოგადოების ნაწილი ხელოვნურ განაყოფიერებას ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა ჩვენი მიზანი ამჯერად საკითხის ეთიკური მხარის განხილვა არ არის, მის სამედიცინო მხარეზე კი ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი ქეთევან კაკაშვილი გვესაუბრება. – უნაყოფობა არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაც არის. ის ტრაგედიაა კონკრეტული ადამიანისა თუ წყვილისთვის, ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსს, ფსიქოსექსუალურ დარღვევებს იწვევს და განქორწინებამდეც კი მიჰყავს საქმე.
მთელ მსოფლიოში უნაყოფობა რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 15-16%-ს აღენიშნება. ქალის უნაყოფობაზე შემთხვევათა 45% მოდის, მამაკაცისაზე – 40%, ორივესაზე ერთად – 15%.
როდის ისმება უნაყოფობის დიაგნოზი და რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი?
უნაყოფობის დიაგნოზი ისმება, თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე ქალი არ დაორსულდა.
როგორც ქალის, ისე მამაკაცის უნაყოფობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ფუნქციური (ენდოკრინული), ორგანული, იმუნოლოგიური და გენეტიკური ფაქტორებით. თუ უშვილობის მიზეზის დადგენა საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად ვერ მოხერხდა, ისმება იდიოპათიური უნაყოფობის დიაგნოზი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ უნაყოფობის დიაგნოზი არ არის განაჩენი, იმას არ ნიშნავს, რომ წყვილს შვილი არასოდეს ეყოლება. სწორი დიაგნოსტიკითა და მკურნალობით პრობლემა მოგვარდება. საამისოდ სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ. თუ კონსერვატიული (მედიკამენტური) და ქირურგიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მივმართავთ, რომელთაგან, უწინარეს ყოვლისა, აღნიშვნის ღირსია ინ ვიტრო განაყოფიერება. ამ მეთოდმა უდიდესი როლი შეასრულა უნაყოფობის პრობლემის მოგვარებაში და ბევრ ოჯახს განაცდევინა შვილის ყოლის ბედნიერება.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება არ არის უნაყოფობის მკურნალობის მეთოდი – ის მისი გადალახვის საშუალებაა; იგი არ აღმოფხვრის უნაყოფობის მიზეზს, მაგრამ გვაძლევს იმ დაბრკოლებათა გადალახვის საშუალებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ხელს უშლის დაორსულებას.
კერძოდ, როდის მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერებას?
თავდაპირველად ამ მეთოდს მხოლოდ მილისმიერი უნაყოფობის დროს იყენებდნენ, ბოლო ხანს კი იგი ქალისა თუ მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ბევრი სხვა ფაქტორის დასაძლევადაც გამოიყენება. ინ ვიტრო განაყოფიერება ნაჩვენებია:
. როდესაც ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის კონსერვატიული თერაპია წარუმატებელია;
. როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსი უფრო დიდია, ვიდრე სხვა მეთოდებისა;
. ქალისა და მამაკაცის გენეტიკური პათოლოგიების დროს (დონაცია-სუროგაციის პროგრამით);
. საკვერცხეების ასაკობრივი განლევის დროს (დონაცია-სუროგაციის პროგრამით);
. უნაყოფობის ნებისმიერი ფორმის დროს წყვილის ან ქორწინებაში არმყოფი ქალის სურვილის შეთხვევაში (თუ არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენება).
ტექნიკურად როგორ ხორციელდება ინ ვიტრო განაყოფიერება?
თავდაპირველად ვახდენთ საკვერცხეების სტიმულაციას მედიკამენტებით. შედეგად მწიფდება რამდენიმე ფოლიკული, საიდანაც ექოსკოპიის კონტროლით ხდება კვერცხუჯრედების ასპირაცია (ამოღება), შემდეგ - მათი განაყოფიერება სპერმატოზოიდებით ინ ვიტრო პირობებში (ორგანიზმის გარეთ – ასე ვთქვათ, სინჯარაში) და ინკუბატორის პირობებში კულტივირება (გაზრდა), მიღებული ემბრიონები კი 2-5 დღის შემდეგ შემდგომი განვითარებისთვის საშვილოსნოს ღრუში გადაგვაქვს.
საშუალოდ რამდენი ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოში?
გადასატანი ემბრიონების რიცხვი დღემდე სადავოა. ის დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ემბრიონების ხარისხზე, მანამდე ჩატარებული წარუმატებელი ინ ვიტრო ციკლების რიცხვზე. მაშინ, როდესაც დიდია მრავალნაყოფიანი ორსულობის შანსი (რაც სამედიცინო თვალსაზრისით ნაკლებსასურველია), რეკომენდებულია ერთი ან, მაქსიმუმ, ორი ემბრიონის გადატანა, ხოლო სხვა შემთხვევებში ორი ან სამი ემბრიონის გადატანის საკითხი განიხილება.
როდის არის მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების დიდი ალბათობა?
მაშინ, როდესაც:
. პაციენტის ასაკი 35 წელზე ნაკლებია;
. დაორსულება მოხდა პირველსავე ინ ვიტრო ციკლში;
. უნაყოფობის მიზეზი მხოლოდ საშვილონოს მილების გაუმტარობაა;
. მრავალნაყოფიანი ორსულობა არასასურველია კონკრეტული პაციენტისთვის;
. კვერცხუჯრედის დონაციისას.
რა ბედი ეწევა გამოუყენებელ ემბრიონებს?
დარჩენილი მაღალი ხარისხის ემბრიონები, რომლებიც არ გადატანილა სტიმულირებულ ციკლში, პაციენტის სურვილისამებრ, შესაძლოა გაიყინოს ანუ მოხდეს მათი კრიოპრეზერვაცია მომავალში გამოლღობისა და საშვილოსნოს ღრუში გადატანის პერსპექტივით.
როგორია გამოლღობილი ემბრიონების გადატანისას დაორსულებისა და ბავშვის გაჩენის შანსი?
კრიოპრეზერვირებული გამოლღობილი ემბრიონის გადატანისას ცოცხალშობადობის ალბათობა ისეთივეა, როგორიც გაუყინავი ემბრიონის გადატანისას.
რას გულისხმობს დონაცია და სუროგაცია?
კვერცხუჯრედის დონაცია გულისხმობს დონორის კვერცხუჯრედის მიღებას, მის განაყოფიერებას პაციენტის მეუღლის სპერმით და პაციენტის საშვილოსნოში გადატანას. კვერცხუჯრედის დონაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მიზეზთა გამო ვერ ხერხდება ფოლიკულის მომწიფება და საკუთარი კვერცხუჯრედის მიღება, ანამნეზში არის ინ ვიტრო განაყოფიერების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ანდა არსებობს დედის მხრივ ნაყოფზე გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკი.
მამაკაცის უნაყოფობისას გამოიყენება სპერმის დონაცია.
სუროგაცია გულისმობს საჭიროების შემთხევევაში უნაყოფო წყვილისგან მიღებული ემბრიონის გადატანას სხვა ქალის – არა ბიოლოგიური დედის, ანუ სუროგატის – საშვილოსნოში.
რა არის ინსემინაცია და როდის მიმართავენ მას?
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია კიდევ ერთი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა: მეუღლის ან დონორის სპეციალურად დამუშავებული სპერმა ოვულაციის პერიოდში თავსდება საშვილოსნოს ღრუში. ინსემინაცია ტარდება როგორც ნატურალურ ციკლში, ასევე საკვერცხეების სტიმულაციის ფონზე.
საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარება რეკომენდირებულია:
. ვაგინალური კოიტუსის (სქესობრივი ურთიერთობის) ფიზიკური ან ფსიქოლოგიური შეუძლებლობისას;
. გაურკვეველი გენეზის უნაყოფობისას;
. მსუბუქი ენდომეტრიოზისას;
. სპერმოგრამაში მსუბუქი დარღვევებისას;
. დონორის სპერმით ინსემინაციის საჭიროებისას (როდესაც მეუღლეს აქვს აზოოსპერმია, მძიმე გენეტიკური დაავადება და სხვა).
შესაბამისად, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს ორსულობის შანსი განსხვავებულია და დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზზე, ქალის ასაკზე, აგრეთვე იმაზე, ტარდება თუ არა საკვერცხეების სტიმულაცია. ერთ ციკლზე მისი ეფექტურობა საშუალოდ 15-20%-ია. საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის მეთოდი გამოიყენება მაქსიმუმ ექვსი ციკლის განმავლობაში (ორსულობის ჯამური სიხშირე ექვს ციკლზე გათვლით 75%-ია). უეფექტობის შემთხვევაში ნაჩვენებია ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება.
როგორია ინ ვიტრო განაყოფიერების ეფექტიანობა?
ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, უნაყოფობის მიზეზზე, კლინიკის მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობაზე და სხვა. საშუალოდ კი 35-40%-ს შეადგენს. ქალებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ ორსულად და იმშობიარეს ცოცხალი ახალშობილით, ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების უფრო დიდი შანსი აქვთ.
რა ახდენს უარყოფით გავლენას ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგზე?
ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ასევე – ქალის ჭარბი წონა. სასურველია, სხეულის მასის ინდექსი 19-25 კგ`მ2²დიაპაზონში მერყეობდეს.
ახდენს თუ არა გავლენას ხელოვნური განაყოფიერება მშობიარობის მიმდინარეობაზე?
ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ორსულობისას მშობიარობა განსაკუთრებული თავისებურებებით არ გამოირჩევა, რადგან იგი განაყოფიერების მეთოდზე არ არის დამოკიდებული.
როგორი ბავშვები იბადებიან ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად?
სადღეისოდ მთელ მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ბავშვია დაბადებული ხელოვნური განაყოფიერების გზით და ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების თვალსაზრისით ისინი ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვებისგან არ გასხვავდებიან.
ისტორია
ქალის ხელოვნურად განაყოფიერებას ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ცდილობდნენ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით XX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო და უკვე 1978 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა ინ ვიტრო განაყოფიერებით ჩასახული პირველი ბავშვი, სახელად ლუიზ ჯოი ბრაუნი (Louise Joy Brown), რომელიც 2006 წელს ბუნებრივი გზით თვითონვე გახდა ვაჟიშვილის დედა.
90-იანი წლების დასაწყისში, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – შემუშავდა სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის, ე.წ. ICSI, მეთოდი, რომელიც სპერმის უკიდურესად მძიმე პათოლოგიის დროს თუნდაც ერთი ცოცხალი და ჯანმრთელი სპერმატოზოიდის არსებობისას ემბრიონის მიღების საშუალებას იძლევა.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"