Plasmon
ადენომიოზი

თარიღი: 28 მარტი, 2023

ადენომიოზი, იგივე საშვილოსნოს ენდომეტრიოზი, არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილი ანუ ქსოვილი, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ამოფენს საშვილოსნოს ღრუს, ვითარდება და იზრდება საშვილოსნოს კედლის კუნთოვანი შრის მიდამოში.

ტიპიური ლოკალიზაციის ადგილიდან გადაადგილებული ქსოვილი აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას და ყოველი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ციკლის ფაზების მიხედვით, ხდება მისი გასქელება, რღვევა და ჩამოშლა ანუ ვითარდება ლოკალური სისხლდენა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ადგილობრივი ანთებითი რეაქციის განვითარებას.

ამ ყველაფრის გამო, ადენომიოზის არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ზომებში მომატება და მტკივნეული და ჭარბი მენსტრუალური პერიოდების არსებობა.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ის ზუსტი მიზეზები, რომლებიც იწვევენ ადენომიოზის განვითარებას. ითვლებოდა, რომ ადენომიოზი ქრებოდა მენოპაუზის დადგომის შემდგომ, თუმცა, თანამედროვე მონაცემებით, ეს პარადიგმაც შეცვლილია - ადენომიოზის პროგრესირება, ზოგიერთ შემთხვევაში, პოსტმენოპაუზურ პერიოდშიც ხდება. ასევე ითვლებოდა, რომ საშვილოსნოს მოცილება - ჰისტერექტომია - კურნავდა ადენომიოზს. დღევანდელ რეალობაში ეს მოცემულობაც უარყოფილია.

ქალებთან, რომელთაც კლინიკურად გამოხატული აქვთ ძლიერი დისკომფორტი - ასოცირებული ადენომიოზის არსებობასთან, სიმპტომურ მკურნალობასთან ერთად, შესაძლოა გამოყენებული იქნას ჰორმონალური თერაპია.

სიმპტომები:

ზოგიერთ შემთხვევაში, ადენომიოზს არ აქვს გამოხატული რაიმე სახის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ან იწვევს მხოლოდ მსუბუქ დისკომფორტს. თუმცა, ქალების ნაწილში ადენომიოზმა შეიძლება გამოიწვიოს:

- ძლიერი ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენის განვითარება

- ძლიერი ტკივილი ან მკვეთრი, გამჭოლი ხასიათის ტკივილი მენჯის ღრუს მიდამოში

მენსტრუაციის პერიოდში - დისმენორეა.

- ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუს მიდამოში

- მტკივნეული სქესობირივი კავშირის არსებობა - დისპარეუნია

ადენომიოზის არსებობის დროს საშვილოსნო, როგორც წესი, ზომაში იმატებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ზომის მკვეთრი ცვლილება, თქვენ შეიძლება გრძნობდეთ უსიამოვნო შეგრძნებებს და ზეწოლას მუცლის ქვედა ნაწილის მიდამოში.

როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს?

თუ თქვენ გაქვთ გახანგრძლივებული, ჭარბი, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა ან გაქვთ ძლიერი ტკივილი - კრამპები მენსტრუაციის პერიოდში, რაც მოქმედებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე და ხელს გიშლით რეგულარულ აქტივობაში, ჩანიშნეთ ვიზიტი გინეკოლოგთან.

გამომწვევი მიზეზები:

ადენომიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. არსებობს მხოლოდ თეორიები,

მათ შორისაა:

- ქსოვილის ინვაზიური ზრდის თეორია: საშვილოსნოს აქვს სამი შრე: ლორწოვანი გარსი - ენდომეტრიუმი, რომელიც ამოფენს საშვილოსნოს ღრუს, კუნთოვანი გარსი, რომელიც შუამდებარე შრეა და სეროზული გარსი, რომელიც ფარავს საშვილოსნოს გარედან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ადენომიოზის განვითარებას იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის -ენდომეტრიუმის უჯრედების შეჭრა მის კუნთოვან გარსში. საშვილოსნოს კედლის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებამ, როგორებიცაა, ჭრილობები საშვილოსნოს კედელზე, რაც მაგალითად ჩნდება გადატანილი საკეისრო კვეთის ოპერაციის შემდგომ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ენდომეტრიუმის უჯრედების პირდაპირ შეჭრას საშვილოსნოს კედლის კუნთოვან გარსში და გამოიწვიოს ადენომიოზის განვითარება.

- განვითარების თეორია: სხვა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ენდომეტრიუმის ქსოვილი დეპონირდება საშვილოსნოს კუნთოვან გარსში ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, მაშინ, როდესაც ხდება ნაყოფის საშვილოსნოს ფორმირება.

- მშობიარობასთან ასოცირებული საშვილოსნოს ინფლამაციის თეორია: კიდევ ერთი თეორია ვარაუდობს კავშირს ადენომიოზის განვითარებასა და მშობიარობას შორის.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოს შიდა გარსის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შიდა შრის ნორმალური საზღვრის დარღვევა და მისი ამომფენი უჯრედების გადაადგილება კუნთოვან შრეში, შედეგად კი - ადენომიოზის განვითარება.

- ღეროვანი უჯრედების თეორია: ბოლო თეორია ვარაუდობს, რომ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები შეიძლება შეიჭრას საშვილოსნოს კუნთოვან შრეში და გამოიწვიოს ადენომიოზის განვითარება.

მიუხედავად იმისა, თუ როგორი წარმოშობა ექნება ადენომიოზს, მისი პროგრესირება დამოკიდებულია ორგანიზმში მოცირკულირე ესტროგენზე.

რისკ-ფაქტორები:

ადენომიოზის განვითარების რისკ-ფაქტორები მოიცავს შემდეგს:

- გადატანილი ქირურგიული ჩარევა საშვილოსნოზე, როგორებიცაა: საკეისრო კვეთა, ფიბროიდების მოცილება ან დილატაცია და კიურეტაჟი

- მშობიარობა

- ქალის საშუალო ასაკი

 

ადენომიოზის შემთხვევების უმეტესობა, რომელიც დაკავშირებულია ესტროგენის მოქმედებასთან, გვხვდება 40-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში. ადენომიოზის განვითარება ამ ქალებში, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჰორმონ ესტროგენის ხანგრძლივ ზემოქმედებასთან, შედარებით სხვა - ახალგაზრდა ასაკის ქალებთან.

თუმცა, ამჟამინდელი კვლევების მონაცემები ვარაუდობს, რომ ადენომიოზი შესაძლოა იმავე სიხშირით იყოს გავრცელებული ახალგაზრდა პოპულაციაშიც, თუმცა არ ხდებოდეს მისი დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისად, ამ მიზეიზით არ გვქონდეს სტატისტიკური მონაცემები აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით.

გართულებები:
თუ მენსტრუაციის დროს გაქვთ გახანგრძლივებული, ძლიერი სისხლდენა, შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ანემია, რაც შესაძლოა გამოვლინდეს სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნებით და გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემების განვითარება.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის საშიში, ადენომიოზთან დაკავშირებულმა ტკივილმა და ჭარბმა მენსტრუალურმა სისხლდენამ, შესაძლოა დაარღვიოს თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი და გავლენა იქონიოს თქვენი სიცოცხლის ხარისხზე. ამის გამო, შესაძლოა მოგიწიოთ თავის არიდება იმ აქტივობებისთვის, რომლებიც წარსულში სასიამოვნო იყო თქვენთვის.

დიაგნოსტიკა:
საშვილოსნოს ზოგიერთმა სხვა დაავადებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ადენომიოზის მსგავსი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს დაავადების დიაგნოსტიკის პროცესს. ეს მდგომარეობები შესაძლოა მოიცავდეს საშვილოსნოს ფიბროიდებს - ლეიომიომას, ენდომეტრიოზს - მდგომარეობა, როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილების ზრდა ხდება საშვილოსნოს გარეთ და წარმონაქმნებს საშვილოსნოს ლორწოვან გარში - მაგ: ენდომეტრიუმის პოლიპებს.

ექიმს შეუძლია ადენომიოზის დიაგნოზის დასმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამორიცხავს თქვენი კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გამომწვევ სხვა ყველა შესაძლო მიზეზს.

ადენომიოზის არსებობაზე ეჭვის მიტანა ხდება შემდეგი მოცემულობების არსებობის შემთხვევაში:

- ნიშნები და სიმპტომები

- მენჯის გამოკვლევა, რომელიც გამოავლენს გადიდებულ და რბილ საშვილოსნოს

- საშვილოსნოს ულტრაბგერითი კვლევის შედეგები

- მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის (MRI) მონაცემები

 

ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება აიღოს საშვილოსნოს ქსოვილის ნიმუში შემდგომი გამოკვლევისთვის - ენდომეტრიუმის ბიოფსია, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ არ გაქვთ უფრო მეტად საყურადღებო მდგომარეობა. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ დიფერენციული დიაგნოსტიკის მეთოდია და თავად ენდომეტრიუმის ბიოფსია არ დაეხმარება მკურნალ ექიმს ადენომიოზის დიაგნოზის დადასტურებაში.

მენჯის ვიზუალიზაციას, როგორებიცაა, ულტრაბგერითი კვლევის ან მაგნიტურრეზონანსული კვლევის მეთოდების გამოყენება, შეუძლია აღმოაჩინოს ადენომიოზის ნიშნები თანამედროვე საკლასიფიკაციო სისტემების მითითების საფუძველზე.

უახლესი მითითებებით, ულტრაბგერითი კვლევა ჩათვლილია ადენომიოზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, მაშიმ როცა წარსულში ითვლებოდა, რომ ადენომიოზისა და ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის საბოლოო მეთოდს ჰისტერექტომიის შედეგად მიღებული ქსოვილების მორფოლოგიური გამოკვლევა წარმოადგენდა.

მკურნალობა:

შემთხვევათა უდიდეს ნაწილში ადენომიოზის უკუგანვითარება ხდება მენოპაუზის დადგომის შემდგომ პერიოდში, ამიტომ მკურნალობის მეთოდის შერჩევა ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, დამოკიდებულია ქალის ცხოვრების ეტაპზე.

ადენომიოზის სამკურნალოდ შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც მოცდითი ტაქტიკა, ასევე სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები და, ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგიული მიდგომაც კი, რაც ჰისტერექტომიის წარმოებას გულისხმობს.

ცხოვრების წესის ცვლილება:

მენჯის მიდამოს ტკივილისა და ადენომიოზთან დაკავშირებული კრამპების შესამსუბუქებლად, შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი რეკომენდაციები:

- მიიღეთ თბილი აბაზანები

- გამოიყენეთ თბილი სათბურები მუცელზე

- ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ ურეცეპტოდ გასაცემი ანთების საწინააღმდეგო

მედიკამენტები (სჯობს კონკრეტული მათგანის და დოზირების რეჟიმის შერჩევა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ)

მომზადება ექიმთან ვიზიტისთვის:

თქვენი პირველი ვიზიტი კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემდგომ იქნება ოჯახის ექიმთან ან გინეკოლოგთან.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

ჩამოწერეთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

- თქვენი კლინიკური ნიშნები და სიპტომები და მათი გამოვლენის სავარაუდო დრო

- ყველა მედიკამენტი, ვიტამინების კომპლექსი ან საკვები დანამატი, რომელთაც იღებთ ამჟამად ან იღებდით ცოტა ხნის წინ, მათი დოზირების რეჟიმებისა და გამოყენების ხანგრძლივობის ჩათვლით

- სამედიცინო ინფორმაცია, მათ შორის მენსტრუალური და მშობიარობის ისტორია

 

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ თქვენს მკურნალ ექიმს:

ადენომიოზთან დაკავშირებით ექიმს უნდა დაუსვათ შემდეგი ძირითადი კითხვები:

- არის თუ არა მედიკამენტები, რომელთა მიღება შემიძლია ჩემი სიმპტომების გასაუმჯობესებლად?

- რა შემთხვევაში მირჩევთ ქირურგიულ ჩარევას?

- შეიძლება თუ არა, ჩემმა მდგომარეობამ გავლენა მოახდინოს ნაყოფიერების მაჩვენებელზე?

არ მოგერიდოთ და არ დაგავიწყდეთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვის დასმა ექიმისთვის.

რას უნდა ელოდოთ ექიმისგან?

თქვენი სამედიცინო ისტორიის დეტალური გაცნობის, კლინიკური გასინჯვისა და კვლევების ჩატარებასთან ერთად, ექიმმა შესაძლოა დაგისვათ შემდეგი კითხვები:

- ჩვეულებრივ, როდის ვლინდება თქვენი სიმპტომები?

- რამდენად მძიმეა თქვენი სიმპტომები?

- როდის დაიწყო თქვენი უკანასკნელი მენსტრუალური პერიოდი?

- არის ალბათობა რომ იყოთ ორსულად?

- იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო რომელიმე მეთოდს? თუ ასეა, რომელს?

- არის თქვენი კლინიკური სიმპტომატიკა დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან?

- არის რაიმე, რაც აუმჯობესებს თქვენს კლინიკურ სიმპტომატიკას?

- რა აუარესებს თქვენს სიმპტომებს?

იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

კითხვებისთვის და გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ შეტყობინება

Facebook გვერდზე: მეან-გინეკოლოგი მარიამ ანდღულაძე/Mariam Andghuladze MD ან

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39

სტატიის ავტორი: ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე