Plasmon
კონტრაცეფციის მეთოდები

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2022

შესაფერისი კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევისას ქალებმა, მამაკაცებმა და/ან წყვილებმა უნდა გაითვალისწინონ უამრავი დეტალი. ეს ელემენტები მოიცავს უსაფრთხოებას, ეფექტურობას, ხელმისაწვდომობას და მისაღებობას.

 

კონტრაცეფციის ამა თუ იმ მეთოდის სასარგებლოდ მიღებული ნებაყოფლობითი ინფორმირებული არჩევანი წარმოადგენს ძირითად სახელმძღვანელო პრინციპს. კონსულტაციის დროს ექიმის მიერ მიწოდებული სწორი ინფორმაცია კი, შესაძლოა, თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს შობადობის კონტროლის მეთოდის როგორც შერჩევაში, ასევე მის წარმატებით გამოყენებაში.

 

კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევისას გასათვალისწინებელია ორმაგი დაცვაც აივ და სხვა სგგდ - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ერთდროული რისკებისგან. მიუხედავად იმისა, რომ COCs - ჰორმონალური კონტრაცეპტივები და IUD - საშვილოსნოს შიდა საშუალება (სპირალი) ძალზე ეფექტურია ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ისინი არ იცავენ სგგდ-სგან, მათ შორის აივ-ისგან. მამაკაცის ლატექსის პრეზერვატივის თანმიმდევრული და სწორი გამოყენება ამცირებს აივ ინფექციის და სხვა სგგდ-ების განვითარების რისკებს, მათ შორის ქლამიდიური ინფექციის, გონოკოკური ინფექციისა და ტრიქომონიაზის რისკებს.

 

კონტრაცეფციის შექცევადი მეთოდები

 

საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია

IUD - საშვილოსნოს შიდა საშუალება (სპირალი):

სპილენძის შემცველი საშვილოსნოს შიდა საშუალება (IUD) არის პატარა მოწყობილობა, რომელიც ფორმით T-ს მსგავსია.

სპილენძის IUD თავსდება საშვილოსნოს ღრუში და იცავს ქალს ორსულობისგან.

სპილენძის IUD-ის გამოყენების ხანგრძლივობა 10 წლამდეც კია.

ტიპიური გამოყენებისას მისი წარუმატებლობის მაჩვენებელი არის 0.8%.

 

ლევონორგესტრელის შემცველი საშვილოსნოს შიდა სისტემა (LNG-IUD)  არის პატარა, T-ს ფორმის მოწყობილობა, რომელიც ფორმით სპილენძის შემცველი სპირალის მსგავსია.

ექიმი აღნიშნულ მოწყობილობას ათავსებს საშვილოსნოს ღრუში.

IUD ყოველდღიურად გამოყოფს მცირე რაოდენობით პროგესტინს, რაც იცავს ქალს ორსულობისგან.

LNG-IUD-ის დატოვება საშვილოსნოში შესაძლებელია 3-დან 6 წლამდე ვადით.

ტიპიური გამოყენებისას, მისი წარუმატებლობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.1-0.4%-ია.

 

 

ჰორმონალური მეთოდები

ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი:

იმპლანტი არის ერთეული, თხელი ღეროს მსგავსი მოწყობილობა, რომლის მოთავსება ხდება ქალის მკლავის კანქვეშა მიდამოში.

მოწყობილობა შეიცავს პროგესტინს, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმში 3 წლის განმავლობაში.

ტიპიური გამოყენებისას, წარუმატებლობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია.

 

ინექციური კონტრაცეფცია:

ინექცია ანუ “Shot” - ინექციური კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს პროგესტინის ინექცია კუნთში - დუნდულოს ან მკლავის მიდამოში.

ტიპიური გამოყენებისას ინექციური კონტრაცეფციის წარუმატებლობის მაჩვენებელი 4%-ია.

 

ორალური კონტრაცეფცია:

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, რომლებსაც ასევე უწოდებენ “აბებს” (COCs), შეიცავს ჰორმონ ესტროგენს და პროგესტინს.

COC-ები უნდა დაინიშნოს  ექიმის მიერ.

აბის მიღება ხდება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.

თუ თქვენ ხართ 35 წელზე უფროსი ასაკის და ეწევით, გაქვთ სისხლის შედედების დარღვევები ან სარძევე ჯირკვლის კიბოს ისტორია, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, რომ თავი შეიკავოთ კონტრაცეფციის ამ მეთოდის გამოყენებისგან. ტიპიურად კი კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების წარუმატებლობის მაჩვენებელი 7%-ია.

 

მხოლოდ პროგესტინის შემცველი აბები - კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებისგან განსხვავებით, მხოლოდ პროგესტინის შემცველი აბის (რასაც ასევე უწოდებენ მინი პილს) შემადგენლობაში შედის მხოლოდ ერთი ჰორმონი - პროგესტინი - ესტროგენისა და პროგესტინის ნაცვლად.

აბი მიიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

ორსულობისგან თავდაცვის ეს მეთოდი შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი ქალებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ ესტროგენის მიღება.

ტიპიური გამოყენებისას წარუმატებლობის მაჩვენებელი 7%-ია.

 

პლასტირი (Patch - პეჩი)  - კანის პლასტირი მაგრდება მუცლის ქვედა არეში, დუნდულოების მიდამოსა ან სხეულის ზედა ნაწილში, მაგრამ არა მკერდზე.

ის შეიცავს და სისხლში გამოათავისუფლებს ჰორმონებს: ესტროგენსა და პროგესტინს.

კონტრაცეფციის ამ მეთოდის გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

პლასტირის შეცვლა ხდება კვირაში ერთხელ სამი კვირის განმავლობაში, მეოთხე კვირაში თქვენ არ გიწევთ პლასტირის ტარება, ამ დროს იწყება მენსტრუალური სისხლდენა.

ტიპიური გამოყენებისას, წარუმატებლობის მაჩვენებელი არის 7%.

 

ვაგინალური რგოლი (რინგი) - ჰორმონალური ვაგინალური კონტრაცეპტიული რგოლი გამოყოფს ჰორმონებს: ესტროგენსა და პროგესტინს.

ვაგინალური რგოლის მოთავსება ხდება საშოში.

მას ატარებთ სამი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა მოხდეს რგოლის ამოღება. დაიწყება მენსტრუალური სისხლდენა. სისხლდენის დასრულების შემდეგ კი კვლავ საჭიროა ახალი რგოლის ჩადგმა.

ტიპიური გამოყენებისას, წარუმატებლობის მაჩვენებელი 7%-ია.

 

ბარიერული მეთოდები:

დიაფრაგმა ან საშვილოსნოს ყელის ჩაჩი მიეკუთვნება კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდებს.

მათი მოთავსება ხდება საშოში და ფარავს საშვილოსნოს ყელს იმისთვის, რათა მოახდინოს სპერმის საშვილოსნოს ყელთან მოხვედრის პრევენცია.

დიაფრაგმას არაღრმა თასის ფორმა აქვს. საშვილოსნოს ყელის ჩაჩი კი თითის ფორმის ჭიქას ჰგავს.

სქესობრივი კავშირის დაწყებამდე მათ უნდა წაუსვათ სპერმიციდი, რათა მოხდეს არა მხოლოდ სპერმის დაბლოკვა, არამედ მისი განეიტრალება.

გირჩევთ, ვაგინალური დიაფრაგმის და ჩაჩის ჩადგმა ისწავლოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და, ვინაიდან, ჩაჩები და დიაფრაგმები სხვადასხვა ზომის და ფორმისაა, საწყის ეტაპზე, შესაბამისი მათგანის შერჩევაც განახორციელოს ექიმმა. 

ტიპიური გამოყენებისას, კონტრაცეფციის ამ მეთოდების წარუმატებლობის მაჩვენებელი 17%-ია.

 

ვაგინალური ღრუბელი - კონტრაცეფციული ღრუბელი შეიცავს სპერმიციდს. მისი მოთავსება უნდა მოხდეს საშოში, საშვილოსნოს ყელთან.

ღრუბელი მოქმედებს 24 საათამდე პერიოდი და არ უნდა დარჩეს საშოში ბოლო სქესობრივი აქტის შემდეგ 6 საათის და მეტის განმავლობაში. ამ პერიოდამდე უნდა მოხდეს ღრუბლის ამოღება საშოდან და მისი გადაგდება.

ტიპიური გამოყენებისას, ქარუმატებლობის მაჩვენებელი არის 14% ქალებისთვის, რომლებსაც არასოდეს ჰყოლიათ ბავშვი და 27% ქალებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მშობიარობა.

 

მამაკაცის კონდომი - მამაკაცის პრეზერვატივი ხელს უშლის სპერმის შეღწევას ქალის სხეულში.

ლატექსის პრეზერვატივი ამ ბარიერული მეთოდის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ხელს უწყობს ორსულობის თავიდან აცილებას, ასევე უზრუნველყოფს აივ და სხვა სგგდ-ებისგან დაცვას.

იგივე ეფექტით ხასიათდება სხვა უახლესი სინთეზური პრეზერვატივები.

რაც შეეხება ე.წ. “ბუნებრივ” ან “ცხვრის ტყავის” პრეზერვატივებს, ისინიც წარმატებულია ორსულობის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ შეიძლება არ უზრუნველყოფდეს სგგდ-ებისგან, მათ შორის აივ-ისგან დაცვას.

ტიპიური გამოყენებისას კონდომის წარუმატებლობის მაჩვენებელი 13%-ია.

კონდომის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

პრეზერვატივი, ჟელე ან წყალზე დაფუძნებული ლუბრიკანტები აფთიაქებსა და სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი.

ლატექსის პრეზერვატივთან ერთად არ გამოიყენით ზეთოვანი საპოხი მასალები, როგორებიცაა მაგ: მასაჟის ზეთები, ბავშვის ზეთი ან ლოსიონები. ისინი ასუსტებენ პრეზერვატივს, რაც იწვევს მის დაზიანებას.

 

ქალის კონდომი - ქალის პრეზერვატივი ასევე ხელს უშლის სპერმის მოხვედრას ქალის სხეულში. ის დაფარულია ლუბრიკანტით და ხელმისაწვდომია აფთიაქებში.

ქალის კონდომის მოთავსება შესაძლებელია მოხდეს საშოში სქესობრივ აქტამდე 8 საათით ადრე.

ტიპიური გამოყენებისას, წარუმატებლობის მაჩვენებელი 21%-ია.

ქალის კონდომი ასევე შეიძლება იყოს ეფექტური სგგდ-ებისგან თავიდან აცილების კუთხით.

 

სპერმიციდები - ეს პროდუქტები მოქმედებენ სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობის დასუსტებით და მოკვლით და ხელმისაწვდომია რამოდენიმე ფორმით - ქაფის, გელის, კრემის, სუპოზიტორიის ან ტაბლეტის ფორმებით.

მათ ათავსებენ საშოში სქესობრივი კავშირის დაწყებამდე არაუმეტეს ერთი საათით ადრე.

სპერმიციდების დატოვება ადგილზე შესაძლებელია სქესობრივი აქტიდან მინიმუმ 6-8 საათის განმავლობაში.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენით სპერმიციდი კომბინაციაში მამაკაცის კონდომთან, დიაფრაგმასთან ან საშვილოსნოს ყელის ჩაჩთან.

სპერმიციდების შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში.

ტიპიური გამოყენებისას, მათი წარუმატებლობის მაჩვენებელი 21%-ია.

 

კალენდარული მეთოდი:

თქვენი მენსტრუალური ციკლის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა დაგეხმარებათ, დაგეგმოთ ორსულობა ან თავიდან აიცილოთ ის. ამისთვის, უნდა იცოდეთ დღეები, რომლებიც ხელსაყრელია დაორსულებისთვის და პირიქით.

თუ გაქვთ რეგულარული მენსტრუალური ციკლი, თქვენ გაქვთ დაახლოებით 9 ან მეტი ფერტილური დღე თვის განმავლობაში.

თუ თქვენ არ გსურთ დაორსულება, არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კონტაქტი ან უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები ამ დღეებში.

წარუმატებლობის მაჩვენებელი ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ძალიან ვარიაბელურია და ტიპიური წარუმატებლობის ალბათობა 2-23%-ს შორისაა.

 

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი

ქალებისთვის, რომელთაც ახლახანს შეეძინათ ბავშვი და კვებავენ მას ძუძუთი, ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (LAM) შესაძლოა გამოყენებული იქნას ჩასახვის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებული იქნება სამი პირობა:

1)     ამენორეა - მენსტრუაციის არ არსებობა მშობიარობის შემდგომ.

2)     სრული ან თითქმის სრულფასოვანი ძუძუთი კვება.

3)     მშობიარობიდან არაუმეტეს 6 თვის პერიოდი.

LAM არის შობადობის კონტროლის დროებითი მეთოდი და თუ ზემოაღნიშნული სამი პირობიდან რომელიმე მაინც არ არის დაკმაყოფილებული, პარალელურად გამოყენებული უნდა იქნას კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.

 

გადაუდებელი კონტრაცეფცია

გადაუდებელი კონტრაცეფცია არ არის შობადობის კონტროლის რეგულარული მეთოდი.

გადაუდებელი კონტრაცეფცია შესაძლოა გამოყენებული იქნას მას შემდეგ, რაც სქესობრივი კონტაქტის დროს არ იქნა გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ან თუ ჩასახვის კონტროლის გამოყენებული მეთოდი აღმოჩნდა წარუმატებელი - მაგ: თუ კონდომი დაზიანდა.

 

გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის გამოიყენება:

სპილენძის IUD - ქალებს შეუძლიათ სპილენძის IUD-ს ჩადგმა დაუცველი სექსობრივი კავშირიდან ხუთი დღის განმავლობაში ან

ასახვის საწინააღმდეგო აბები განკუთვნილი გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის - ქალებს შეუძლიათ მიიღონ გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის განკუთვნილი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 5 დღემდე პერიოდში, მაგრამ რაც უფრო ადრე მოხდება აბების მიღება, მით უფრო მეტად გარანტირებული იქნება შედეგი.

ძირითადად, ბაზარზე ხელმისაწვდომია გადაუდებელი კონტრაცფციისთვის განკუთვნილი აბების სამი განსხვავებული ტიპი. ზოგიერთი გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის გამოსაყენებელი აბი ხელმისაწვდომია ურეცეპტოდაც.

 

შობადობის კონტროლის მუდმივი მეთოდები

მამაკაცისა და ქალის მუდმივი კონტრაცეფცია

ქალის სტერილიზაცია - მილების ლიგირება, ე.წ. “მილების გადაკვანძვა” - ქალს შეუძლია აირჩიოს კონტრაცეფციის ისეთი მეთოდი, როდესაც მოხდება მისი მილების ლიგირება ან გადაჭრა ისე, რომ პერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი ვერ შეხვდეს ერთმანეთს და ვერ მოხდეს განაყოფიერება.

 

პროცედურა ტარდება სტაციონარში, იშვიათად კი ამბულატორიულ ცენტრში.

ოპერაციის შემდეგ სახლში წასვლა შესაძლებელია იმავე დღეს. რამოდენიმე დღეში ქალი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

შესაძლებელია აღნიშნული ჩარევის განხორციელება სხვა ოპერაციულ ჩარევასთან პარალელურად.

მეთოდი ეფექტურია დაუყოვნებლივ.

ტიპიური გამოყენებისას, წარუმატებლობის მაჩვენებელი 0.5%-ია.

 

მამაკაცის სტერილიზაცია - ვაზექტომია - ეს ოპერაცია კეთდება იმისთვის, რათა მამაკაცის სპერმა არ მივიდეს პენისამდე და, შესაბამისად, ეაკულატში ვერ მოხვდნენ სპერმატოზოიდები. თუ ეაკულატში არ იქნება სპერმატოზოიდები, ვერ მოხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება.

პროცედურა, როგორც წესი, ტარდება ქირურგიულ ცენტრში. მამაკაცს სახლში წასვლა შეუძლია იმავე დღეს. რეაბილიტაციის პერიოდი ერთ კვირაზე ნაკლებია.

ოპერაციის შემდგომ, მამაკაცი ექიმთან კონსულტაციაზე მიდის ანალზების ჩასაბარებლად იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ სპერმის რაოდენობა ეაკულატში ნამდვილად ნოლამდე დაეცა. ამას დაახლოებით 12 კვირა სჭირდება. და მანამ, სანამ გავა ეს პერიოდი და მამაკაცის სპპერმატოზოიდების რაოდენოა ეაკულატში განულდება, გამოყენებული უნდა იქნას ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა დამატებითი მეთოდები.

ტიპიური გამოყენებისას, ვაზექტომიის წარუმატებლობის მაჩვენებელი 0.15%-ია.

 

იყავით ინფორმირებული თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გაეცანით სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 598 63 89 39

სტატიის ავტორი:

ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე