Plasmon
მითები და ფაქტები მენსტრუალური პერიოდების შესახებ

თარიღი: 21 ოქტომბერი, 2022

 

გარკვეული ტაბუ მენსტრუაციასთან დაკავშირებით დღესაც არსებობს, რაც, ზოგჯერ, საკმაო უხერხულობასაც ქმნის ქალებისთვის.

თანამედროვე რეალობაში, ვცდილობთ, ეს მოცემულობა შევცვალოთ და დავანახოთ სამყაროს, რომ მენსტრუაცია, რეალურად, ადამიანის ბიოლოგიის გასაოცარი მიღწევაა.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე საკვირველ, მათ შორის სახალისო ფაქტს და მითს მენსტრუაციის შესახებ, რამაც, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებულად დაგანახოთ თქვენი ყოველთვიური “ვიზიტორი”.

 

#ფაქტი: ყოველთვიური მენსტრუალური სისხლის საშუალო დანაკარგი, არის მხოლოდ დაახლოებით 2 სუფრის კოვზის (30 მლ) ოდენობის.  

მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუაციის დროს შეიძლება სისხლის უფრო დიდი რაოდენობა იკარგებოდეს, ჩვეულებრივ შემთხვევებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად სისხლის ძალიან დიდ რაოდენობას ვკარგავთ.

 ჰიგიენური საფენები და ტამპონები ახდენს მენსტრუალური სისხლის აბსორბციას -შეწოვას, რაც ართულებს დაკარგული სისხლის რაოდენობრივ განსაზღვრას.

ამ მხრივ, მენსტრუალურ ჭიქებს ენიჭება გარკვეული უპირატესობა. მენსტრუალური ჭიქები დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან. მენსტრუალური ჭიქა აგროვებს და არ შთანთქავს მენსტრუალურ სისხლს, რაც გაძლევთ უკეთეს შესაძლებლობას, მენსტრუალური სისხლის დანაკარგის უფრო მეტი სიზუსტით გაზომვისთვის, ასევე, მენსტრუალური სისხლდენის ხასიათის ცვლილებებზე დასაკვირვებლად.

 ნორმაში, მენსტრუაციის დროს დაკარგული სისხლის რაოდენობა 30-80 მლ-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

 

#მითი: თქვენ არ დაორსულდებით, თუ სექსი გაქვთ თქვენი მენსტრუალური პერიოდის განმავლობაში.

გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა, რომ თუ ქალს აქვს სექსი მენსტრუაციის დროს, ის არ დაორსულდება. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს არ არის სრულიად შეუძლებელი.

სპერმა შესაძლოა დარჩეს ქალის საშოში 5 დღემდე პერიოდის განმავლობაში. თუ ქალს, მაგ: ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მენსტრუალური სისხლდენის ბოლო დღეს და ოვულაცია მოხდა აქედან 3 დღის შემდგომ, არის ალბათობა, რომ ქალი დაორსულდეს.

ასე, რომ თუ გსურთ, იყოთ დარწმუნებული, რომ არ დაორსულდებით, დაკავდით უსაფრთხო სექსით (კონდომი) ან კონტრაცეფციისთვის გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (ორალური კონტრაცეპტივები) ან სხვა ალტერნატიული საშუალებები.

 

#ფაქტი: მენსტრუალური სითხე მხოლოდ სისხლისგან არ შედგება.

სისხლის გარდა, მენსტრუაციის დროს განვითარებული გამონადენი შეიცავს საშვილოსნოს ყელის ლორწოს, ვაგინალურ სეკრეტს და ენდომეტრიუმის ქსოვილებს.

ბევრი ქალი შეცდომაში შეჰყავს მენსტრუაციის დროს საფენზე ან ქაღალდზე ენდომეტრიუმის ქსოვილების დანახვას. ზოგიერთ შემთხვევაში, ენდომეტრიუმის ჩამოფცქვნილი ქსოვილების აღქმა ხდება, როგორც სისხლის კოლტის, რაც, ხშირად, არასწორი ინტერპრეტაციაა ხოლმე.

 

#მითი: მენსტრუალური პერიოდის დროს ვარჯიში არ შეიძლება - მხოლოდ უნდა დაისვენოთ!

ქალების უმეტესობისთვის, ეს არ შეიძლება იყოს უფრო შორს სიმართლისგან. . ვარჯიშის დროს გამოთავისუფლდება ენდორფინები - თავის ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით ხასიათდება.

მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯი (ACOG) რეკომენდაციას უწევს რეგულარულ აერობიკას იმისთვის, რათა შევამციროთ როგორც პრემენტრუალური სინდრომის (PMS) სიმპტომები, ასევე ტკივილი და სტრესი, რაც შეიძლება თან ახლდეს მენსტრუალურ პერიოდს. ვარჯიშის შემდეგ თავს მეტად უკეთ და თავდაჯერებულად იგრძნობთ. დღის ბოლოს კი, განწყობის უფრო მეტად ამაღლებაში, ხანგრძლივი, თბილი აბაზანაც დაგეხმარებათ!

 

#ფაქტი: მენსტრუალურ გამონადენს არ აქვს სუნი!

სანამ მენსტრუალური გამონადენის შეხება არ მოხდება ჰაერთან, მას არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი. თუმცა, როგორც კი მენსტრუალური სისხლი მოხვდება საფენზე ან ტამპონზე, ჰაერთან ურთიერთქმედება მასში იწვევს რბილი მეტალის არომატის გაჩენას. როგორც წესი, ამ სუნს თქვენ და ვერც სხვა - თქვენთან ახლოს მყოფი ადამიანი, ვერ იგრნობს, მაგრამ, თუ თქვენ მაინც გრძნობთ და გაწუხებთ ჰაერთან შეხებისას წარმოქმნილი ეს სუნი, მენსტრუალური ჭიქის გამოყენება დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. მენსტრუალური ჭიქა, მენსტრუალურ გამონადენს ინახავს ჰაერისგან დაცულ მდგომარეობაში, შესაბამისად, არანაირი სპეციფიკური სუნი არ გაჩნდება მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ ჭიქის გათავისუფლებას მენსტრუალური გამონადენისგან.

 

#მითი: სექსი არ შეიძლება მენსტრუალური პერიოდის დროს.

მაშინ, როცა ზოგერითი ქალი შესაძლოა განიცდიდეს დისკომფორტს მენსტრუაციის პერიოდში სექსის დროს, ქალების ნაწილისთვის ეს სავსებით ნორმალურად ითვლება.

დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი ფერის თეთრეული და ეცადოთ, იყოთ ზურგზე მწოლიარე პოზიციაში. ზურგზე წოლა ამცირებს მენსტრუალურ სისხლის ნაკადს.

ასევე, თუ გსურთ, რომ თავიდან აირიდოთ თეთრეულის დალაქავება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური  “mess-free” მენსტრუალური ჭიქა, რომელიც განკუთვნილია შეღწევადი სქესობრივი აქტისთვის.

 

#ფაქტი: თქვენი საშვილოსნო არის დაახლოებით მსხლის ზომის და ფორმის.

მენსტრუაციის დროს თქვენ შესაძლოა გრძნობდეთ დუფუზურ ტკივილს და კრამპებს, ასევე შებერილობას მუცლის მიდამოში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი საშვილოსნო სიგრძეში ზომით მხოლოდ დაალოებით 7-10 სმ-ის ოდენობისაა, სიგანეში კი 5-6 სმ-ია. გაზრდილმა სისხლის ნაკადმა და ენდომეტრიუმის გასქელებამ მენსტრუაციის წინა პერიოდში, შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ზომების ოდნავი ცვლილება და მისი მხოლოდ მცირედით გაზრდა მოცულობაში, რაც ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს.

 

#მითი: მითია, რომ ყველა ქალის პერიოდი უნდა იყოს ერთნაირი და მისი ხანგრძლივობა 28 დღეს უნდა შეადგენდეს.

მენსტრუალური ციკლი თავისი მახასიათებლებით ყველა ქალისთვის ერთნაირი არ არის.

ნორმალური მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა 21-35 დღის ინტერვალს მოიცავს, მენსტრუალური სისხლდენა კი 2-დან 7 დღემდე გრძელდება.

შეიძლება გქონდეთ რეგულარული ან არარეგულარული მენსტრუალური ციკლები, ასევე თქვენი პერიოდი შეიძლება იყოს შემცირებული ან ჭარბი რაოდენობით, მოკლე ან გრძელი ინტერვალით, ტკივილით და მის გარეშე. გახსოვდეთ, რომ “ნორმალური” არის ის, რაც ნორმალურია თქვენთვის!

ციკლები შესაძლოა განსხვავდებოდეს წლების მიხედვითაც და იცვლებოდეს სამედიცინო საკითხების, ცხოვრების წესის ცვლილების, მედიკამენტების და გარემო ფაქტორების გავლენის გათვალისწინებით.

თუ გაწუხებთ და უჩვეულოდ გეჩვენებათ ესა თუ ის ცვლილება, რაც თქვენს მენსტრუალურ ციკლს უკავშირდება, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს.

 

#ფაქტი: ჰორმონების ციკლური ცვლილებების ზემოქმედებით, თქვენ შესაძლოა გაგიძლიერდეთ მადა, განსაკუთრებით კი მოიმატოს მოთხოვნილებამ ტკბილეულზე.

შაქარსა და ნახშირწყლებზე მოთხოვნილების გაზრდა, ასევე გაზრდილი სექსუალური ლტოლვა, შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონ პროგესტერონის დონის ცვლილებით. პროგესტერონის დონე ყველაზე დაბალი არის მენსტრუაციის დროს. ოვულაციის პერიოდში, რაც დაორსულებისთვის ხელსაყრელ პერიოდს წარმოადგენს, ჰორმონების დონის მკვეთრი მატება ხდება. ამ დროს მკვეთრად ძლიერდება ლიბიდოც. ეს ბუნებირივი და ნორმალური მოვლენაა.

 

#მითი: ქალებს, თავისი მენსტრუალური პერიოდის განმავლობაში, უფრო ხშირად ესხმიან თავს დათვები და ზვიგენები! :-)

არ მოგეჩვენათ! სწორად გაიგეთ! ეს ჩვენი საყვარელი მითია! და აგიხსნით, რა იგულისხმება:

როგორც ამბობენ ხოლმე, ქალები უნდა მოერიდონ ლაშქრობაზე წასვლას ბანაკში მენსტრუაციის დროს, დათვის თავდასხმის მაღალი რისკის გამო, ასევე უნდა მოერიდონ ოკეანესთან კონტაქტს, რომ არ მოექცნენ ზვიგენის კბილებში.

ეს ორივე მითი იმდენად გავრცელებულია მსოფლიოში, რომ სპეციალური სამეცნიერო კვლევებიც კი ჩატარდა იმის დასადგენად, შეესაბამებოდა თუ არა ისინი სიმართლეს.

კვლევების შედეგებით კი დადგინდა, რომ დათვები და ზვიგენები არ არიან უფრო მგრძნობიარენი იმ სისხლისა და სისხლის სუნის მიმართ, რომელიც წარმოიქმნება მენსტრუაციის დროს.

ცურვაზე ან დაივინგის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ მენსტრუალური ჭიქა, რაც თქვენს სრულ და ხანგრძლივ დაცვას განაპირობებს.

ლაშქრობის დროს კი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ კარავში.

 

#ფაქტი: ორგაზმს შეუძლია მენსტრუალური ტკივილების შემსუბუქება.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პერიოდის დროს სექსზე, მაგრამ იცოდით, რომ ორგაზმის დროს სხვა ენდორფინებთან ერთად ოქსიტოცინი და დოფამინიც გამოიყოფა, ყველა ეს ნივთიერება კი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლის მსგავსად მოქმედებს?

 

#მითი: მენსტრუალურ სისხლს შეუძლია განკურნოს ადამიანი გარკვეული სამედიცინო მდგომარეობებისგან.

ისტორიას თუ გადავხედავთ, შესაძლოა, ძნელი დასაჯერებლი იყოს, მაგრამ წარსულში ადამიანების ნაწილს სჯეროდა, რომ მენსტრუალური სისხლი კურნავდა გარკვეულ სამედიცინო მდგომარეობებს, როგორებიცაა მაგ: თავის ტკივილი, პოდაგრა, მეჭეჭები, თანდაყოლილი ლაქები (ე.წ. ნიშნები) და ა.შ.

ჯადოქრებისა და დემონების ეპოქაში მენსტრუალურ პერიოდს იყენებდნენ დემონებთან საბრძოლველად და სასიყვარულო ხიბლის გამოსაწვევად.

კიდევ ერთი საინტერესო მითი დაკავშირებული იყო ქალწულის პირველი სისხლის ისტორიასთან, რაზეც სჯეროდათ, რომ მოქმედებდა, როგორც ჭირის საწინააღმდეგო წამალი.

შუა საუკუნეებში, ზოგი ადამიანი ფიქრობდა, რომ წითელი თმის მიზეზიც მენსტრუაცია იყო. სხვა სიტყვებით რომ აგიხსნათ, მათ სჯეროდათ, რომ წითური ბავშვები იბადებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ქალს დაორსულებისას სექსი მენსტრუაციის პერიოდში ჰქონდა.

 

#ფაქტი: თქვენი ხმა იცვლება მენსტრუალური პერიოდის განმავლობაში.

მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ცნობილია, რომ ქალის ხმა იცვლება მენსტრუალური ციკლის დროს, იმისდა მიხედვით, თუ ციკლის რომელ ეტაპზე იმყოფება ქალი. ეს ცვლილება ჰორმონების დონის ცვლილებითაა გამოწვეული და ეხება ციკლის მთელს პერიოდს.

კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ხმის ტემბრის და ინტენსივობის ციკლური ცვლილება არ ფიქსირებოდა ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შემთხვევაში, რომელთა მოქმედების დროსაც შესუსტებულია ჰორმონალური რყევები.

 

#მითი: მენსტრუალური პერიოდები ტელევიზიით პირველად 21-ე საუკუნეში იქნა ნახსენები.

გსმენიათ 20-ე საუკუნის 40-იან წლებში დისნეის ვიდეოს შესახებ, რომელიც მენსტრუაციას ეხებოდა? თუ არა, აუცილებლად გირჩვეთ, უყუროთ მას. ყველაზე გასაოცარი და დამაფიქრებელი არის ის, რომ 80 წელზე მეტი ხნის წინანდელი ფილმი, ჯერ კიდევ აქტუალურია და იძლევა ყველა ძირითად ინფორმაციას ამ პერიოდის შესახებ, საინტერესოდ გადმოცემული ერთგვარი სათამაშო ვიზუალური ეფექტებით.

რჩევები, რომლებსაც დისნეის ამ ვიდეოში ნახავთ, ზუსტად ისეთივეა, როგორც ეს დღესაა მოწოდებული. ეხება ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას და გაძლევთ რჩევებს, თუ როგორ გაუმკლავდეთ ტკივილს და სისხლის ჭარბ მენსტრუალურ ნაკადს.

 

#მითი: მითია, რომ ადამიანები არიან ერთადერთი ძუძუმწოვრები, რომლებსაც აქვთ მენსტრუაცია.

ასევე, საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვანია ფაქტი მენოპაუზის შესახებ. როდესმე გაგიგიათ ან დაკვირვებიხართ, რომ რომელიმე მდედრი ძუძუმწოვარი განიცდიდეს მენოპაუზის მაგვარ ცვლილებებს?

პასუხი არის - მხოლოდ ორი სხვა! ასე, რომ, მდედრი ადამიანის გარდა, მენოპაუზის პერიოდს გადიან ვეშაპები და სპილოები.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ხანდახან არა მხოლოდ სახალისოა, არამედ სასარგებლოცაა ფაქტების გაცნობა იმაზე, რაც ხშირად შეუსაბამო თემად გვეჩვენება მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რამდენად საინტერესო და რთულია ქალის სხეული.

ჩვენ არ უნდა დავმალოთ ჩვენი მენსტრუაცია, არ უნდა ვწუხდეთ იმ შემთხვევებზე, როცა სხვები შეამჩნევენ ან გაიგებენ ჩვენი პერიოდების შესახებ. ჩვენი სხეული გასაოცარია და რაც უფრო მეტს გაიგებთ თქვენს შესახებ, მით უფრო ინფორმირებულად მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

გაუზიარეთ ცოდნა სხვებსაც და ნუ მოგერიდებათ ერთმანეთთან თქვენს პერიოდებზე საუბარი!

 

P.S. სტატიაში მოცემული ფაქტები და მითები გადამოწმებულია და წარმოადგენს სარწმუნო ინფორმაციას.

იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

 

გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 63 89 39

სტატიის ავტორი:

ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე