თარიღი: 27 სექტემბერი, 2023
ექიმი-ენდოკრინოლოგი – შოთა ჯანჯღავა - ჭარბ წონაზე, ინსულინრეზისტენტობაზე, სწორი კვების რეჟიმზე, წონის კლებისთვის დამხმარე მედიკამენტებზე, ინიექციებზე, ბარიატრიულ ქირურგიაზე და სხვა საინტერესო თემებზე.
ბატონო შოთა, პირველ რიგში რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, როდესაც ადამიანი გამუდმებით ამბობს, რომ აქვს მომატებული კილოგრამები, ხანდახან ჭარბი წონაც და რომ ძალიან უჭირს კლება?
როგორც მოგეხსენებათ, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთან მიმართებაში ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ბოლო მონაცემებით თითქმის 60 %-ს უახლოვდება ჭარბი წონის და სიმსუქნის მაჩვენებელი მოსახლეობაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჭარბი წონა არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა, ეს არის ენდოკრინოლოგის მიერ სამართავი მდგომარეობა, რომელსაც გარკვეულწილად ყოველთვის რაღაც მიზეზი უდევს. ამ დროს უმეტეს შემთხვევაში ჰორმონალურ დისბალანსთან გვაქვს ხოლმე საქმე. არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ჰორმონალური დარღვევები და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭარბი კალორიებით მიღებული წონაა, თუმცა ეს ხშირი არ არის.
სხვათა შორის, ჭარბი კალორიების მიღების უკანაც შესაძლოა, რომ ჰორმონალური დარღვევები იყოს. მაგალითისთვის, თუ პაციენტი არის ჯანმრთელი, მაგრამ ამბობს, რომ გამუდმებით ტკბილის და გვიან ჭამის მოთხოვნილება აქვს, ასეთ დროს, ჩვენ ხშირ შემთხვევაში საქმე ინსულინრეზისტენტობასთან გვაქვს.
ინსულინრეზისტენტობა არის ფენომენი, რომლის დროსაც გლუკოზის მეტაბოლიზმი ორგანიზმში იმდაგვარად იცვლება, რომ თავის ტვინზე, ღვიძლზე, კუნთებზე და სხვადასხვა ორგანოებზე არასწორად ხდება გლუკოზის მიწოდება და ამის შედეგად ტვინი უფრო მეტ და მეტ გლუკოზას ითხოვს, რაც შემდგომში, რა თქმა უნდა, ჩვევაში გადასდის ადამიანს.
აქედან გამომდინარე, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ ტკბილზე გაძლიერებული მოთხოვნილება აქვს, რომ აქვს გაძლიერებული მადა და ღამის პერიოდში ჭამის მოთხოვნილება, ყოველთვის ჯობია, რომ ინსულინრეზისტენტობა გამოირიცხოს და ინახოს რა მდგომარეობაა, რომ შემდგომ სწორი მიმართულებით წავიდეთ.
გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ სახეზე იყოს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგია, მაგალითად, ჰიპოთირეოზი, რომლის დროსაც ორგანიზმს ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება, მაგრამ ეს სიმსუქნეზე და უფრო მაღალ მაჩვენებელზე იშვიათად გადადის ხოლმე.
ხშირ შემთხვევაში ასევე შეიძლება იყოს ცხიმოვანი ცვლის რაღაც დარღვევა ორგანიზმში, რაშიც იგულისხმება ქოლესტერინის დონის ცვალებადობა. ასევე შეიძლება იყოს ღვიძლის გაცხიმოვნება, რომელიც ამ ჭარბ წონას მოსდევს ხოლმე.
შემდგომში, მთელი ეს ბუკეტი, ჭარბი წონა, ღვიძლის გაცხიმოვნება, დისლიპიდემიური ცვლილებები მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის განვითარების რისკს იძლევა, რაც შემდგომში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ გართულებებს იწვევს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება თუ დროულად ჩავერთვებით და მივხედავთ ჭარბ წონას.
ხშირად, შეიძლება, რომ ინსულინის და გლუკოზის მაჩვენებელი ნორმაში ჯდებოდეს, მაგრამ HOMA ინდექსში, სპეციალურ ფორმულაში, გადატანის შემდეგ ნორმალური ინსულინის და ნორმალური გლუკოზის ფონზე პაციენტთან ინსულინ რეზისტენტობა დადებითი მოვიდეს. ამის გამო პაციენტები ხშირად შეცდომაში შედიან, როცა ნახულობენ, რომ ინსულინი და გლუკოზა ნორმაშია, აღარ აგრძელებენ კვლევას და ეს არ არის სწორი, რადგან ეს გლუკოზა და ინსულინი, როგორც უკვე გითხარით, სპეციალურ ფორმულაში უნდა ჩაისვას და დაითვალოს ინსულინრეზისტენტობის მაჩვენებელი. ხშირად აღნიშნული მიზეზის გამო გვიან ხდება დიაგნოსტირება.
დიაბეტის გამოვლინების მაჩვენებელი ძალიან ინდივიდუალურია. არის ასეთი სტატისტიკური მონაცემი, რომ მიუხედავად მკვეთრად მიმდინარე ინსულინრეზისტენტობისა, ადამიანმა შეიძლება სიცოცხლე ისე დაამთავროს, რომ დიაბეტი არ გამოვლინდეს, თუმცა ასეთ პაციენტებში მოსალოდნელია აღნიშნული პრობლემისთვის დამახასიათებელი სტანდარტული გართულებები, გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის, თირკმლის პრობლემები.
სხვათა შორის, გუშინ გვყავდა პაციენტი თირკმლის უკმარისობით, რომელთანაც არც დიაბეტი და არც რაიმე ორგანული პათოლოგია მოიძებნა და თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთ მიზეზად ინსულინრეზისტენტობა დასახელდა, რომელიც ღვიძლსა და თირკმელში ალაგებდა ცხიმებს. აღნიშნული თირკმლის ბიოფსიის კვლევის საფუძველზე დავადგინეთ. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს დიაბეტი არ ჰქონდა, ინსულინრეზისტენტობა და ჭარბი წონა დამღუპველი იყო თირკმელთან მიმართებაში. ზუსტად ამიტომ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ინსულინრეზისტენტობის დროს პირიქით უფრო გაამახვილონ ყურადღება, რათა მაქსიმალურად აიცილონ გართულებები.
თქვენი პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან გაუმარტივეთ კვების ერთი, უკონტროლო რეჟიმიდან მეორე, ჯანსაღ და ხანდახან ძალიან მკაცრ რეჟიმზე გადასვლა. როგორია თქვენი მიდგომა, როგორ უადვილებთ პაციენტებს ზემოთ აღნიშნულ პრობლემას?
სტანდარტული რეკომენდაციის მიხედვით, ინსულინრეზისტენტობის დროს მეტფორმინის ჯგუფის მედიკამენტი ინიშნება. გაიდლაინში სხვა მედიკამენტები მითითებული არ არის. როდესაც პაციენტი ერთი ცხოვრების სტილიდან მეორე სტილზე გადაგყავს, მესმის, რომ გაიდლაინში სხვა მედიკამენტები არ წერია, მაგრამ ინდივიდუალური პრაქტიკის ფონზე ჩვენ პაციენტს ვურჩევთ კვების გარკვეულ ახალ რეჟიმს და მედიკამენტებს.
თავიდან, პაციენტს ვეკითხებით, რას ჭამს, როგორ ჭამს, რომ დასაწყისისთვის გარკვეულწილად მის ცხოვრების წესსაც მოვერგოთ. შემდეგ, მათ ვეუბნები, რომ საცდელ 2-3 კვირიან დიეტას ვუწერ, რომ ვნახოთ, შემდეგი მოსვლისას რა შედეგს ჩამაბარებენ და რომ მე ამის მიხედვით გადავწყვეტ შემდეგ პრაქტიკას. გარდა ამისა, პაციენტებს ვეხმარებით სხვადასხვა დამხმარე მედიკამენტებით, რომლებიც მათ ხან მადას უმცირებენ, ხან ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას უხსნიან. არის დამხმარე მეთოდები, რომლებიც პაციენტებს ერთი ცხოვრების სტილიდან მეორეზე გადართვაში ეხმარებიან. კი, თავიდან შეიძლება ამ დამხმარე თერაპიის ფონზეც გაუჭირდეთ, მაგრამ შედარებით შეღავათი აქვთ ხოლმე, რადგან უმცირდებათ აქტიური მოთხოვნილება ტკბილზე და ა.შ.
ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტის განწყობაზეც. შეიძლება პაციენტს იდეალური, სრულიად მასზე მორგებული დიეტა დაუწერო, მაგრამ მას თუ არ ექნება განწყობა, მობილიზება, არ ენდომება ამის გაკეთება, ვერაფერს იზამ. ასეთ დროს ჩვენ მკურნალობაში ვრთავთ კვების ფსიქოლოგს, რომელიც ამ ნიუანსებში გვეხმარება. მაგალითისთვის, ზოგჯერ გვირჩევს, რომ პაციენტი 25 გრ. შავი შოკოლადით წავახალისოთ, რომ უფრო გაუადვილდეს ახალ რეჟიმზე გადასვლა და ა.შ.
ხშირად გვეკითხებიან, თუ რა საჭიროა ამდენი ანალიზები. სამწუხაროდ, ენდოკრინოლოგია ბევრ მომიჯნავე სპეციალობასთან არის კავშირში და ამიტომ პაციენტს შეიძლება ბევრი ანალიზის გაკეთება მოუწიოს იმისთვის, რომ ჩვენ სრული წარმოდგენა შეგვექმნას იმაზე, თუ რა ხდება მის ორგანიზმში, რომ გავიგოთ, თუ როგორი მეტაბოლიზმი აქვს, თუ რა მდგომარეობაშია ფარისებრი ჯირკვალი, როგორია ლიპიდური ცვლა, ელექტროლიტური ცვლა, რომ განვსაზღვროთ D და B ვიტამინების მდგომარეობა. შემდგომი ტაქტიკის განსასაზღვრად, პაციენტის სრული შესწავლა გვიწევს.
ბრძანეთ, რომ ინსულინრეზისტენტობის და ჭარბი წონის დროს სხვადასხვა დამხმარე მედიკამენტებს მიმართავთ. მინდა, გკითხოთ მიმართულებაზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან აიტაცა მსოფლიომ, ვგულისხმობ, ინიექციებს. ინსულინრეზისტენტობა ყოველთვის წარმოადგენს ჩვენებას, რომ პაციენტს აღნიშნული ინიექციები დაენიშნოს და თქვენი დაკვირვებით რამდენად ეფექტურია ისინი?
სხვათა შორის, იმ საინიექციო ფორმებს, რაც დღესდღეობით საქართველოში გვაქვს, ჩვენებაში ინსულინრეზისტენტობა არ უწერიათ. ახლა გამოვიდა ერთი ახალი საინიექციო ფორმა, რომელიც აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შემოვიდა და რომელსაც პირდაპირ ჩაუწერეს ჭარბი წონა და ინსულინრეზისტენტობა. ის საინიექციო ფორმები, რაც გვაქვს უფრო შაქრიანი დიაბეტის და მორბიდული სიმსუქნის ჩვენებაა. თუ ჩვეულებრივი, მსუბუქი ინსულინრეზისტენტობაა პაციენტთან, რა თქმა უნდა, მასთან ეს ჩვენება არავითარ შემთხვევაში არ არის. ასევე, პაციენტებმა არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ უნდა გაიკეთონ აღნიშნული მედიკამენტი, რადგან ჩვენ მედიკამენტის დანიშვნამდე ყოველთვის ვსაზღვრავთ, კონკრეტული არსებული პათოლოგია უფრო ავნებს ორგანიზმს თუ ინიექცია, ვსაზღვრავთ, რა უფრო დადებითი ეფექტის მომცემი იქნება პაციენტისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ვნიშნავთ მკურნალობას. მარტივად რომ ვთქვათ, 100 ინსულინრეზისტენტობის მქონე პაციენტიდან, რომელთაც კარგად განვითარებული ჭარბი წონა აქვთ, მხოლოდ 9-10-ს შეიძლება ჰქონდეს ამ მედიკამენტის ჩვენება. იმ პაციენტებში, რომლებთანაც უკვე პრედიაბეტური მდგომარეობაა, სადაც გლიკოზირებული 6,5-მდეა, უკვე სხვა მდგომარეობაა და შეიძლება აქტიურად დაინიშნოს ამდაგვარი ჯგუფის მედიკამენტები, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ექიმის გარეშე, რადგან ყველაზე ბანალური უკუჩვენება, რაც შეიძლება რომ მას ჰქონდეს, ეს არის პანკრეასის პათოლოგიები, ფარისებრის ზოგიერთი პათოლოგია და რკინადეფიციტური ანემიები.
რამდენად შესაძლებელია, რომ საკვებზე გამუდმებული მოთხოვნილება დაკავშირებული იყო სტრესთან და არა ზემოთ აღნიშნულ დიაგნოზთან?
ხშირად ჩვენ გვაქვს ძალიან დაძაბული ნერვული სისტემა, ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევა. ხშირად ახალგაზრდები იძინებენ 03:00 – 04:00 საათზე და იღვიძებენ 12:00 საათზე, რაც პირდაპირ მოქმედებს მელატონინის სინთეზზე. მელატონინს გავლენა აქვს სიმაძღრის ცენტრზეც. ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევისას ირღვევა პროლაქტინის სინთეზიც, რაც პირდაპირ მიბმულია მადის გაძლიერებასთან. როცა ჩვენ კვების რეჟიმის მოდიფიკაციას ვიწყებთ, ვიწყებთ ძილის რეჟიმის მოდიფიკაციასაც და პაციენტებს ვეუბნებით, რომ 00:00-01:00 საათზე დაიძინონ. კვების რეგულაციისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
როცა ჩვენი ნერვული სისტემა აგზნებულ მდგომარეობაშია, ამ დროს გარკვეულწილად იცვლება ჩვენი ნერვული იმპულსები და სიმაძღრის ცენტრის დათრგუნვა შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც საჭიროა. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვჭამთ და ვჭამთ, მაგრამ თავის ტვინიდან არ მოდის სიგნალი, რომ ჩვენი ორგანიზმი გაძღა.
არის ასეთი ჰორმონი ლეპტონი, რომელიც განსაზღვრავს სიმაძღრის პროცესებს და როგორც ინსულინრეზისტენტობა ხდება, ხდება ლეპტინრეზისტენტობაც და ორგანიზმი ლეპტინის გამოყოფაზე არ რეაგირებს და ადამიანი აგრძელებს სტრესის ფონზე ჭამას. არის ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევაც, როცა სტრესის ფონზე საერთოდ ეკეტებათ და ჭამა საერთოდ არ უნდებათ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პირიქით ხდება, ძლიერდება მადა, რადგან ტვინი აქტიურ კვებას ითხოვს და შემდეგ ეს უკვე ჩვევაში გადადის. ჩვევა კი ხანდახან ძალიან დამღუპველია.
ფაქტია, რომ 18 საათიან შიმშილის ეპიზოდებს არაჩვეულებრივი შედეგი აქვს, თქვენ თუ გაუწევთ აღნიშნულს რეკომენდაციას?
კი, რა თქმა უნდა, არიან პაციენტები, სადაც ამის ჩვენებაა. ეს კლების ერთ-ერთი გამართლებული და მიღებული მეთოდია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი პერიოდით, რადგან ჩვენი ორგანიზმი მაინც ასე თუ ისე ცხოველური წარმოშობისაა და რაღაც მოთხოვნილებები ნივთიერებების მიმართ აქვს. განსაკუთრებით, საუბარია ცილოვან პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ყოველთვის რეკომენდებულია ბალანსირებული კვება, მაგრამ როცა ჩვენ წონის აქტიური კლება გვინდა, შეგვიძლია, თავისუფლად გამოვიყენოთ ეს ინტერვალური შიმშილის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, არა სრული შიმშილი.
ამ დროს ყველაზე გადამწყვეტია ის 6 საათი, როდესაც ვჭამთ და ის, თუ რას ვჭამთ. თუ იმ 6 საათში ჩვენ ვიღებთ 5000-6000 კკალ-ს, შოკოლადებს, ნამცხვრებს და ა.შ. , მაშინ აზრი არ აქვს ამ 18 საათიანის დაცვასაც, რადგან მთელი დღის რაციონს იმ 6 საათში ვჭამთ. შესაბამისად, მთავარია, რომ ეს 18 საათიანი სწორად დავიცვათ. 6 საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა იყოს 3 კვება, აქედან ერთი მაინც ხილი და 2 ნოყიერი კვება, რათა ჩვენმა ორგანიზმმა მიიღოს ყველა ის ნივთიერება, რაც სჭირდება. ასეთი კვებისას იმ 18 საათის განმავლობაში ჩვენი ღვიძლი იწყებს კეტოგენურ წვას, ანუ საკუთარი ცხიმის მონელებას. შიმშილის პერიოდში იწყება ინსულინის ფაზობრივი გამოყოფა და იწყება დაგროვებული ცხიმის წვა. ზუსტად ეს ფენომენია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და თუ ჩვენ იმ 6 საათში ორგანიზმს იმდენი ენერგია მივაწოდეთ, რომ დარეზერვებული არ დაწვას, მაშინ რა აზრი აქვს მის დაცვას.
რა თქმა უნდა, უკუჩვენებებიც გვაქვს, ეს არის ღვიძლის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, ელექტროლიტური დისბალანსი, კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემები და რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტი, რა დროსაც 18 საათიანი რეჟიმის დაცვა რეკომენდებული არ არის.
ვისაუბროთ ქრომზე, რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება?
ქრომი ეს არის საკვები დანამატი, რომლის ეფექტიც არის ის, რომ მან უნდა შეამციროს ტკბილზე მოთხოვნილება და ამავდროულად მცირედად შეამციროს მადა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის ისეთ პაციენტებში, სადაც მსუბუქად მიმდინარე ინსულინრეზისტენტობაა ან თუ პაციენტები უკვე არიან მეტფორმინზე და ზემოდან ვამატებთ ამ ქრომის მედიკამენტს და თუ მას აუცილებლად ვახმართ დაბალანსებულ კვების რეჟიმს. თუ ჩვენ ქრომი დავლიეთ და მაინც ასე თუ ისე არასწორი კვების რეჟიმი გავაგრძელეთ და საკვების ნაცვლად ტკბილეულით შევავსეთ ჩვენს რაციონი, რა თქმა უნდა, მაშინ ის ეფექტური არ იქნება. ქრომი დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა იყოს მიღებული და თუ ჩვენ მას სწორად მივიღებთ, რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტებიც გვექნება.
არის თუ არა რკინადეფიციტური ანემია წონასთან შეჭიდული?
გარკვეულწილად არის და განსაკუთრებით ბავშვებში. აღნიშნული პრობლემის მთავარი მიზეზი ბავშვებში არის სწრაფი კვება, ტკბილეული და ხორც-პროდუქტების ნაკლები მიღება.
მინდა, მშობლებს ვთხოვო, რომ როგორმე კვირაში 3-4-ჯერ მაინც შეიტანონ ხორცი ბავშვის კვების რაციონში, რადგან ეს ბავშვის ორგანიზმისათვის საშენი მასალაა. თუ რკინის მაჩვენებელს ხორცით ვერ ვიღებთ, მაშინ ისეთი ბოსტნეული და პროდუქტი მივიღოთ სადაც რკინის დიდი შემცველობაა.
კვლევისთვის შეადარეს ადამიანები, რომლებიც სულ სწრაფი კვების ობიექტებით იკვებებიან და ადამიანები, რომლებიც სულ ჯანსაღად იკვებებიან. თითქმის 30%-ით იყო რკინადეფიციტური ანემიები მათში გამოხატული, ვინც სწრაფი კვების ობიექტებში იკვებებოდნენ, რადგან სხვადასხვა დანამატები და ემულგატორები რკინის კუჭ-ნაწლავიდან შეწოვას ხელს უშლის და ზუსტად ამის შედეგად ხდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარება. ასევე, ბოლო დროს მოსახლეობაში ძალიან აქტიურად არის გამოხატული B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა და ესეც იწვევს აღნიშნულს.
ცხიმთან მიმართებაში პირველი პრობლემა ღვიძლის გაცხიმოვნებაა. ეს არის ფენომენი, როცა ღვიძლი თავის ფუნქციონირებას ცვლის და ამის შედეგად იცვლება არა მარტო რკინა, არამედ მთელი ელექტროლიტური ბალანსის მეტაბოლიზმი ორგანიზმში და ამის შედეგად ვითარდება გარკვეული დისბალანსები და მათ შორის, რკინის დეფიციტი.
ვისაუბროთ ბარიატრიულ ქირურგიაზე
რა თქმა უნდა, ბარიატრია, მარტივად რომ ვთქვათ, მკურნალობის ეფექტური და გამოყენებადი მეთოდია, უბრალოდ, არის რამდენიმე ჩვენება. პირველი ჩვენება ეს არის წონასთან მიმართებაში, სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს მესამე და ზევით ხარისხში და არა ქვედა ნაწილში. მესამე და მეორე ხარისხის სიმსუქნის დროს, ბარიატრია შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ არის მკვეთრად გამოხატული გულის უკმარისობა, თუ წონა ხელს უშლის გულს მუშაობაში, თუ წონა ამძიმებს თირკმლის მდგომარეობას ან თუ წონა იძლევა პათოლოგიურ მდგომარეობას, ასევე მაშინ, თუ არის სიმსუქნე და ჭარბი წონა მაღალ მაჩვენებელში თანდართული პრედიაბეტური მდგომარეობით, თუ არიან პაციენტები, რომლებიც მინიმუმ 6 თვე მაინც ებრძვიან ჭარბ წონას ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაბალანსებული კვებით, სწორი მედიკამენტური მკურნალობით და ა.შ. და ეს ყველაფერი არაეფექტურია. პირდაპირი ჩვენება არ არის, მაგრამ ბარიატრიას მივმართავთ იმ პაციენტებთანაც, რომლებიც ვერ ასრულებენ ექიმის კვებით რეკომენდაციებს, კვლავ მიჰყვებიან არასწორი ცხოვრების წესს და ა.შ.
ბარიატრიის დროს მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის გავალთ ოპერაციაზე, არამედ ის, თუ პოსტოპერაციულად რამდენად სწორად იმართება პაციენტი. ხშირად პაციენტი გაიკეთებს ოპერაციას და ჩაეხსნება ქირურგსაც და ენდოკრინოლოგსაც, არადა ზუსტად ამ პერიოდში უნდა მოხდეს პაციენტის სწორად წარმართვა, რათა პოსტოპერაციული გართულებები არ მივიღოთ, რადგან ოპერაციის შემდგომ იწყება სერიოზული დეფიციტები, B12-ის, D ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის…
რა თქმა უნდა, ბარიატრიული ქირურგიის დროს 3-4 წლის შემდეგ სტანდარტულად მოსალოდნელია წონის მატების ტენდენცია და ზუსტად ამიტომ უნდა იმუშაოთ ენდოკრინოლოგთან, რომ ეს პროცესი გაახანგრძლივოთ და არ იყოს წონის ნამატი. მაგალითად, დღეს მყავდა პაციენტი, რომლის ოპერაციიდანაც 4 წელი გავიდა, რომელმაც 40 კილოგრამი დაიკლო და ბოლო 3 თვეში 5 კილოგრამი მოიმატა უკან. ეს ნიშნავს, რომ ბარიატრიამ თავისი ეფექტი ამ პაციენტს მისცა, მაგრამ რადგან პაციენტმა არ დაიცვა ჯანსაღი ცხოვრების წესი, კილოგრამები უკან წამოვიდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ოპერაცია გაკეთდა ბარიატრიულად. თუ კეთდება კუჭის ნაწილობრივი რეზექცია ნაწლავთან ერთად, ასეთ შემთხვევაში, რადგან ნაწლავის ნაწილი მოჭრილია, პაციენტი უფრო ნაკლებად იმატებს წონაში, თუ მხოლოდ კუჭის რეზექცია ხდება, ასეთ შემთხვევაში სამომავლოდ კუჭი შეიძლება გაიზარდოს ზომაში და წონის ნამატი მოგვცეს. ბარიატრიებს შორის ყველაზე ნაკლებ ეფექტურია, როცა კუჭში ხდება გარკვეული ნივთიერებების ინიექციები, რაც სისავსის შეგრძნებას აძლევს პაციენტს. ამ კუჭის ბოტოქსის შემდეგ გარკვეულ პერიოდში შეიძლება წონაში ორმაგად მოიმატოთ.
რას ურჩევთ ადამიანებს, რომელთაც ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა სურთ?
დავიწყოთ ბავშვებით, რადგან ჩვენ შეიძლება ვერ ვასრულებდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის ნიუანსებს, მაგრამ ისინი მაინც მივაჩვიოთ მათ. პირველი ეს არის ძილ-ღვიძილის სწორი რეჟიმი ბავშვებში. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მეტაბოლიზმის თვალსაზრისით, არამედ ზრდა-განვითარების. ჯანსაღი ძილი სიმაღლის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ზრდის ჰორმონის სინთეზი ზუსტად ძილის პერიოდში ხდება. აუცილებლად ჩვენც და ბავშვებმაც უნდა ვისწავლოთ საუზმის კულტურა, რადგან საუზმე არის გარანტია ჩვენი ჯანმრთელობის, ლიპიდური ცვლის დალაგების და გულსისხლძარღვთა პათოლოგიების პრევენციის. საუზმის შემდეგ ბავშვები მივაჩვიოთ, რომ სადღაც 12:00 საათისთვის ხილი მიირთვან. თუ ხილი არ მოუნდებათ, ნუ დაიზარებთ და გაუკეთეთ სმუზები, გაუკეთეთ ხილი ხაჭოსთან ან იოგურტთან ერთად. ეცადეთ, რომ კვირაში 4-5 დღე მაინც ბავშვის შუადღის კვებაში წვნიანი იყოს, ოღონდ, დიდად რეკომენდებული არ არის ხორცის ნახარშები. შეგიძლიათ გააკეთოთ ბოსტნეულის წვნიანი, მაწვნის სუპი და ა.შ. ასევე იყოს ხორცი, თევზი, სალათა და ა.შ. 18:00 საათისთვის შეგიძლიათ ისევ ხილი გაიმეოროთ. წესით და რიგით დაწოლამდე 3-4 საათით ადრე კვება უნდა დასრულდეს. ბოლო კვება რაც შეიძლება მსუბუქი უნდა იყოს. დაწოლის წინ რეკომენდებული არ არის ხილის მიღება, რადგან მას დიდი გადამუშავება სჭირდება. დღეში 3-5-ჯერადი კვების რაციონი უნდა იყოს, აქედან 1-2 ხილი.
ძალიან მნიშვნელოვანია წყლის მიღების საკითხი, ეს მნიშვნელოვანია თმისთვის, კანის სტრუქტურისთვის, ზოგადი მეტაბოლიზმისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებისთვის და ა.შ. ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში მინიმუმ ლიტრანახევრის ფარგლებში მაინც უნდა მიიღოს სითხე, მაგრამ ამ სითხეში არ ითვლება ყავა და ჩაი. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ხილის კომპოტები შაქრის გარეშე.
რაც შეეხებათ მოზარდებს, რა თქმა უნდა, საუზმე რაც შეიძლება ნოყიერი უნდა იყოს. საუზმეზე შეგვიძლია მივირთვათ ტოსტი, შვრია და ყველი, ომლეტი ერთ ნაჭერ პურთან ერთად. არ არის აუცილებელი პურის სრულიად ამოღება, დილით 1 ნაჭერი პურის მიღება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ხშირად, ჩვენ პაციენტებს შოკოლადის ჭამის უფლებასაც ვაძლევთ, ოღონდ დღის პირველ ნახევარში. სადილი გაჯერებული უნდა იყოს ცილით, უნდა იყოს თევზი, ხორცი და ა.შ. უმჯობესია კერძი მოვამზადოთ ღუმელში და არ გამოვიყენოთ ბევრი ცხიმი. გარნირად შეგვიძლია გავაკეთოთ სალათა, წვნიანი, იშვიათად შესაძლებელია პიურეც.
რაც შეეხება ხილს, თუ ჩვენ ჭარბი წონა და სიმსუქნე გვაწუხებს, მოვერიდოთ ყურძენს, ლეღვს, კარალიოკს, მსხალს, ბანანს, მაგრამ თუ ჭარბი წონა არ გვაწუხებს და უბრალოდ ჯანსაღად კვება გვსურს, რა თქმა უნდა, ამ ხილის მცირე რაოდენობით მიღება დაშვებულია. კვებაში დასაშვებია 200-250 გრამი საზამთროც, თუმცა ისინი, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, რა თქმა უნდა, მას უნდა მოერიდონ. თუ ჩვენ არ გვაქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა და თუ ნაღვლის ბუშტს არ გვიღიზიანებს სავსებით მისაღებია კვერცხის მიღებაც. სადილზე ასევე მისაღებია პომიდორი, კიტრი, სალათის ფურცლები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საღამოს კვება მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს და ამ დროს ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ ერთი ჭიქა მაწონი, კეფირი, ხაჭო, მსუბუქი სალათა ყველთან ერთად, ბოსტნეულის წვნიანი.
მთავარია, რომ კვებებს შორის მინიმუმ 3 საათიანი ინტერვალი მაინც დავიცვათ. ნუ წავიცმუცნებით, რადგან კვებებს შორის ხდება ინსულინის გამოყოფა და ზუსტად ეს ინსულინია პასუხისმგებელი ჩვენს მეტაბოლიზმზე და თუ ჩვენ შუალედებში შოკოლადი, თხილი, ნუში მივახმარეთ, ეს ჩვენს მეტაბოლიზმზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.
თუ ჭარბი წონა არ გვაქვს, დღის პირველ ნახევარში ხანდახან ერთი ნაჭერი ტორტის მირთმევაც შეიძლება.
წყარო: https://fortuna.ge