თარიღი: 20 ივნისი, 2022
ბავშვი, რომელიც გამოეყოფა დედის ორგანიზმს, ნელ-ნელა იწყებს დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლას, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურ-ინტელექტუალურად. პირველი მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი ხორციელდება 2-3 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი თავის თავს მოიხსენიებს არა სახელით, არამედ ,,მე“-თი, ანუ ამბობს: მე მინდა, მე მივდივარ და ა.შ. ანუ აქ უკვე ჩნდება ინდივიდუალობის პირველი იმპულსი. მეორე, ,,მე“-ს ინტენსიური განცდა, ხდება 9-10 წლის ასაკში, რომელიც მთლიანად ავსებს ბავშვის გრძნობათა სამყაროს და რაც ბავშვს გამოყოფს თავისი გარემოცვიდან და ბადებს სიმარტოვისა და შიშის გრძნობას. შემდეგ მოდის სიყმაწვილის პერიოდი, 21 წლის ასაკი, როდესაც ადამიანი აღწევს სრულ განვითარებას, ანუ მისი ,,მე“ სრულად დაბადებულია, მისი ინდივიდუალობა სახეზეა. ის ცნობიერად აკეთებს დასკვნას: მე ვარ აქ, ჩემი მემკვიდრული ნიშან-თვისებებით და ჩემი განათლებიდან გამომდინარე კულტურული ხასიათით.
რუბიკონი ეს არის 29 კმ-ის სიგრძის მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში. ეს მდინარე ისტორიულად დაკავშირებულია იულიუს კეისრის სახელთან. ძვ. წელთაღრიცხვით 49 წელს იულიუს კეისარმა მიზანდასახულად გადალახა ომის პროვოცირებისთვის და თავისი პოზიციის, როგორც მმართველის, გასამყარებლად. მას ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგა, უკან დასახევი გზა არ ჰქონდა.
ბავშვის განვითარების ერთ-ერთ რთულ და კრიზისულ პერიოდს, 9-10 წლის ასაკს, სწორედ რუბიკონის პერიოდი ჰქვია, რომელიც ბავშვმა აუცილებლად უნდა გადალახოს, მაგრამ როგორ?! - აქ ჩვენ უფროსებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია! კბილების ცვლასა და სქესობრივ მომწიფებას შორის ბავშვი შორდება თავის ჩვეულებრივ, ბავშვურ გარემოს და გადადის ახალ, უცნობ სამყაროში. ის გამოეყოფა გარემოს და დგება მის მოპირისპირე მხარეს. იწყებს გაცნობიერებას, რომ მას შეუძლია სხვებისგან განსხვავებულად იფიქროს და იმსჯელოს. 9 წლის ასაკში ბავშვის გრძნობების ცხოვრებაში იღვიძებს მისი საკუთარი ,,მე”, მისი ინდივიდუალობა. ის უკვე კარგად აღიქვამს გარე სამყაროს და ამ გარე სამყაროში თავის ინდივიდუალობას. ის იბრძვის საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. ხდება შეხედულებების გადაფასება. მას გააჩნია საკუთარი აზრი ყველაფერზე და ეს მისთვის საამაყოა. ვითარდება ,,მე და შენ” შეგრძნება. იცვლება მის გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულება, სხვაგვარად გრძნობს დედას, მამას, ახლობლებს, მასწავლებლებს. ყალიბდება ჩვევები და ტემპერამენტი. ინტენსიური ხდება სამართლიანი მოპყრობის, დასჯისა და შექების გრძნობები. უფრო მეტი კრიტიკა ჩნდება, ასევე შიში და გაუბედაობა, დაურწმუნებლობა, რომ რაიმეს გაკეთებას შეძლებს. უმძაფრდება მარტოობის შეგრძნება და ეჭვი, რომ ის არ უყვართ - ნეტავ აყვანილი ხომ არ არის, არის თუ არა თავისი მშობლების ნამდვილი (ბიოლოგიური) შვილი?! ამ პერიოდში ხდება საწინააღმდეგო სქესის აღქმა, მაგრამ ეს აღქმა კრიტიკულია და ეს გამოვლენაც უხეშია, თანატოლებთან მიმართებაში ამჟღავნებს უხეშ ქცევებ - თმების მოქაჩვას, ხელების გადატრიალებას, და ა.შ. უკიდურესად კრიტიკულ დამოკიდებულებას იჩენს საწინააღმდეგო სქესის მშობელთან - არ მოსწონს მისი არაფერი, არც სიარული, არც მეტყველება, არც მისი ინტერესები, იძლევა შენიშნვებს. სამწუხაროდ, ხშირად მშობლების მხრიდან თანადგომისა და მოთმენის ნაცვლად, ძლიერ დაპირისპირებას აქვს ხოლმე ადგილი, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს პროტესტებს.
ამ პერიოდისთვის ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანია თუ მე, როგორც მშობელი, პედაგოგი და ა.შ. როგორი ადამიანი ვარ და არა ის თუ მე რა განათლება მაქვს. რა თქმა უნდა სწორი ადამიანური მიმართებების ჩამოყალიბებაში განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ იგულისხმება ის რომ, ამ ასაკის ბავშვთან მნიშვნელობა არ აქვს რა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ფლობ, არამედ იმას თუ როგორი ადამიანური ურთიერთობების დამყარება შეგიძლია, მასთან თუ სხვასთან.
ამ შვიდწლეულის ძირითადი მამოძრავებელი იმპულსია - ,,სამყარო მშვენიერია” და ჩვენ, უფროსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს, სიმშვენიერის მოლოდინი არ გავუცრუოთ და მისი აღქმა რეალური იყოს. მის ამ წინააღმდეგობრივ მდგომარეობას უნდა დავუპირისპირდეთ რწმენისა და იმედის გრძნობის გაძლიერებით, მხარდაჭერით, მეგობრული ურთიერთობებით, ჩვენი მოთმინების განსაკუთრებული უნარით, რადგან ყველაფერი ეს ბავშვში განავითარებს მოწიწების გრძნობას, არა მარტო მშობლების მიმართ არამედ, ყველა უფროსი ადამიანის მიმართ, რომელიც თავის მხრივ ავტორიტეტების შექმნას შეუწყობს ხელს.
ამ პერიოდში ჯერ კიდევ მოქმედებს მიბაძვის თვისება, თუმცა შესუსტებული სახით, მაგრამ პარალელურად ძლიერდება ავტორიტეტის როლი და რაც მთავარია აქტიურდება მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი ძლიერი და საზოგადოებაში კარგად ინტეგრირებული ადამიანის ჩამოყალიბებას განაპირობებს.
რწმენისა და იმედის გრძნობების გაძლიერებას ხელს შევუწყობთ ესთეტიკური გრძნობების ჩამოყალიბებით, კერძოდ, ბუნებისა და ხელოვნების მძაფრი განცდების აღმოცენებით.
9-10 წლის ბავშვი ეძებს ავტორიტეტებს. მას ჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც მიბაძავს და მასზე იქნება ორიენტირებული. ამ დროს მყარდება ინდივიდუალობასა და უნარებს შორის კონტაქტი. ამ ასაკში იცვლება ემოციურობის ხარისხი. ის მძაფრად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, როგორც ნეგატიურს, ასევე პოზიტიურს. ღვივდება პირველი სასიყვარულო იმპულსები. ჩნდება ინტერესი ორივე სქესის შიშველი სხეულის მიმართ, აქტიურად ეძიებენ ეროტიულ თუ პორნოგრაფიულ ჟურნალებს და ათვალიერებენ ხან ერთად და ხან ცალ-ცალკე. ამ დროს მათ ორგანიზმში ხდება სერიოზული აღმგზნები პროცესები, რომლებიც განხორციელებისაკენ უბიძგებენ ბავშვს. განხორციელება კი ამ ასაკისათვის რთულია ან შეუძლებელი, აქედან გამომდინარე ბავშვში შეიძლება გაჩნდეს აგრესიის, უხეშობის სერიოზული ძალა. ჩვენ, უფროსებს, ამ დროს შეგვიძლია სახვითი ხელოვნების საშუალებით დავანახოთ შიშველი სხეულის სიმშვენიერეც და ულამაზობაც, სიძლიერეც და სინატიფეც.
რწმენის განვითარებაში დაეხმარება ბიბლიური ისტორიების მოყოლა, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიების გაცნობა.
ასევე მნიშვნელოვანია პრაქტიკული საქმიანობების შესრულება, სახლში თუ გარეთ, უფროსებთან ერთად.
ძვირფასო მშობლებო, ჩვენზე, უფროსებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჩვენი აქტიური, ემოციებისგან თავისუფალი, გაწონასწორებული და სიყვარულით გაჟღენთილი ქმედებით ხელს შევუწყობთ გამართული, მოაზროვნე, საქმიანი ადამიანების ჩამოყალიბებას.
სტატიის ავტორი პედიატრი ლია ბუღაძე