თარიღი: 02 იანვარი, 2023
იანვრის თვე მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოსადმი ცნობადობის ამაღლების თვეა!
გთავაზობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტატიას ამ დაავადების შესახებ:
საშვილოსნოს ყელის კიბო არის ავთვისებიანი პროცესი, რომელიც ვითარდება ქალის საშვილოსნოს ყელის მიდამოში.
საშვილოსნოს ყელი მდებარეობს საშოდან საშვილოსნოსკენ გარდამავალ ნაწილში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა (99%) დაკავშირებულია მაღალი რისკის ადამიანის პაპილომავირუსულ (HPV) ინფექციასთან.
HPV არის უკიდურესად გავრცელებული ვირუსი, რომლის გადაცემაც სქესობრივი გზით ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ HPV ინფექციების უმეტესობა ქრება სპონტანურად და არ იწვევს კლინიკური სიმპტომების განვითარებას, პერსისტენტულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის დაზიანება და, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაც ქალებში.
საშვილოსნოს ყელის კიბო მე-6 ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში აღმოსავლეთ და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში ამ რეგიონში დაახლოებით 89 800 ქალს დაუდგინდა საშვილოსნოს ყელის კიბო, 47 500-ზე მეტი ქალი კი გარდაიცვალა ამ დაავადებით.
იქედან გამომდინარე, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 2023 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ყურადღებას ამახვილებს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა რაოდენობის შემცირებასა და მის სრულ აღმოფხვრაზე, საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ზოგადი ამაღლების გზით.
დიაგნოზის დადგენისას, საშვილოსნოს ყელის კიბო, ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებით განკურნებადი ფორმაა, თუ კი მისი გამოვლენა ადრეულ ეტაპზევე მოხდება და ეფექტურად იქნება მართული. გვიან სტადიაზე დიაგნოსტირებული კიბო ასევე შეიძლება გაკონტროლდეს მკურნალობის შესაბამისი მეთოდებისა და პალიატიური ზრუნვის მიდგომების გამოყენებით.
ჯანმო-ს (WHO) პროგნოზით, პრევენციის, სკრინინგისა და მკურნალობის ყოვლისმომცველი მიდგომით, საშვილოსნოს ყელის კიბო შეიძლება აღმოიფხვრას როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, ერთი თაობის განმავლობაში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ამ თვეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და მსოფლიოს სხვა წამყვანი ორგანიზაციების (მაგ: ACOG) ძირითადი გზავნილები ნათელია და მოიცავს შემდეგს:
იყავით ინფორმირებული!
გაეცანით ფაქტებს საშვილოსნოს ყელი კიბოსა და მისი გამომწვევი - ადამიანის პაპილომავირუსის
(HPV) შესახებ. დაეხმარეთ თქვენს გარშემო მყოფ სხვა ქალებსაც, რომ მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია -
როგორც შეძლებთ, ხელი შეუწყეთ მათ განათლებასაც ამ კუთხით.
გაიარეთ სკრინინგი! საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ჩვეულებრივ, იწყება 25-30 წლის ასაკში და
მეორდება პერიოდულად.
ჩაიტარეთ ვაქცინაცია! HPV - ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 2 დოზით. ვაქცინაცია უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც გოგონა, საშუალოდ, 9-დან 14 წლამდე ასაკში იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტრატეგია:
მიუხედავად იმისა, რომ პრევენტაბელური და განკურნებადი დაავადებაა, საშვილოსნოს ყელის კიბო პასუხისმგებელია ქალების ავადობის დიდ ტვირთზე მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. მოზარდი გოგონებისა და ქალების ჯანმრთელობის უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უთანასწორობის აღმოფხვრა.
2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მიზნად დაისახა, რომ 2120 წლისთვის გლობალურად იყოს აღმოფხვრილი საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. ამ მიზნის მისაღწევად, ჯანმო-ს წევრი ქვეყნები უნდა შეეცადონ, მიაღწიონ შუალედურ მიზნებს 2030 წლისთვის. აღნიშნული მიზნები კი მოიცავს შემდეგს:
გოგონების 90% სრულად აიცრას ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცნინით 15 წლის ასაკამდე.
ქალების 70%-ს ჩაუტარდეს მაღალი მგრძნობელობის სკრინინგი 35 წლის ასაკში, რაც განმეორდება მინიმუმ 45 წლის ასაკის ჩათვლით.
კიბოსწინარე დაავადების მქონე ქალების 90%-ს ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა, ასევე ინვაზიური კიბოს დიაგნოზის მქონე ქალები იყვნენ სათანადოდ მართულნი.
საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის აღმოფხვრის დაჩქარების გლობალური სტრატეგიის იმპულსებზე დაყრდნობით, თითოეული ქვეყნისთვის შემუშავებულია ადაპტირებული პროგრამები და სამოქმედო გეგმები, რელიგიურ, კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ კონტექსტებთან.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია, როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე ინდივიდუალური სკრინინგის გამოყენებით.
იყავით გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაიტარეთ რეგულარული სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების აღმოჩენის მიზნით და დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა!
გინეკოლოგიური ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერეთ შეტყობინება აქ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39
ექიმი მეან-გინეკოლოგი:
მარიამ ანდღულაძე