Plasmon
ვაგინალური კანდიდოზი - სოკოვანი ინფექცია

თარიღი: 30 იანვარი, 2023

ვაგინალური კანდიდოზი 

ვაგინალური კანდიზოზი არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს გაღიზიანებას, გამონადენს და ძლიერ ქავილს საშოსა და ვულვის მიდამოში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვაგინალური კანდიდოზი გავლენას ახდენს ყოველი 4-დან 3-მდე ქალზე მათი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. უამრავი ქალი კი განიცდის აღნიშნული ინფექციური პროცესის მინიმუმ ორ ან მეტ ეპიზოდს ცხოვრების განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ვაგინალური კანდიდოზი არ განიხილება, როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, გამოქვეყნებული კვლევების შედეგების მიხედვით, არსებობს ვაგინალური სოკოვანი ინფექციის განვითარების შედარებით გაზრდილი რისკი რეგულარული სქესობრივი აქტივობის საწყის პერიოდებში. ასევე არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმასთან დაკავშრებით, რომ სოკოვანი ინფექციის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ღრუსთან გენიტალურ კონტაქტთან (ორალურ-გენიტალური სექსი).

შემთხვევათა 80-90%-ში ხდება ვაგინალური სოკოვანი ინფექციების წარმატებული მკურნალობა მედიკამენტების გამოყენებით. 

თუ თქვენ გაქვთ განმეორებადი კანდიდოზური ინფექციები - იგულისხმება ოთხი ან მეტი ეპიზოდი წლის განმავლობაში - შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობის უფრო გრძელი კურსის ჩატარება და სათანადო შემანარჩუნებელი თერაპიის გეგმის შემუშავება. 

 

სიმპტომები: 

სოკოვანი ინფექციის სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის და მოიცავს შემდეგს:

•ქავილი და გაღიზიანება საშოსა და ვულვის მიდამოში

•წვის შეგრძნება, განსაკუთრებით სქესობრივი აქტივობის ან შარდვის დროს

•ვულვის სიწითლე და შეშუპება

•იზოლირებული ტკივილი საშოს მიდამოში

•ვაგინალური გამონაყარი

•სქელი კონსისტენციის, თეთრი ფერის, უსუნო ვაგინალური გამონადენის არსებობა ხაჭოსებური იერით

•წყლიანი ვაგინალური გამონადენის არსებობა

•დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს)

•მტკივნეული შარდვა

 

გართულებული სოკოვანი ინფექცია:

შესაძლოა გქონდეთ გართულებული სოვოვანი ინფექცია, თუ გამოხატული გაქვთ შემდეგი:

•მძიმე ნიშნები და სიმპტომები, როგორებიცაა ფართო მიდამოს სიწითლე, შეშუპება და ქავილი, რომელიც იწვევს კანის ერთგვარ აშრევებას, ნახეთქების ან წყლულების განვითარებას

•წლის განმავლობაში სოკოვანი ინფექციის ოთხი ან მეტი ეპიზოდის არსებობა

•კანდიდოზური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სოკოს ნაკლებად ტიპიური სახეობებით 

•ორსულობა

•არაკონტროლირებული დიაბეტი

•დასუსტებული იმუნური სისტემა - გარკვეული სახის მედიკამენტების მიღების ან ისეთი მდგომარეობების გამო, როგორიცაა მაგ: აივ ინფექცია

 

როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს?

ჩანიშნეთ ექიმთან ვიზიტი თუ:

•ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენ გამოგივლინდათ სოკოვანი ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები

•თქვენ ეჭვობთ, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი ჩივილები სოკოვანი ინფექციითაა გამოწვეული

•თქვენ უკვე გამოყენებული გაქვთ სოკოს საწინააღმდეგო ვაგინალური კრემები ან სუპოზიტორიები (სანთლები) და ჩივილები არ იკლებს

•ვითარდება სხვა სიმპტომები

 

გამომწვევი მიზეზები:

Candida Albicans - ვაგინალური სოკოვანი ინფექციის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

საშოს მიკროფლორა ბუნებრივად შეიცავს საფუარის სოკოების დაბალანსებულ ნაზავს, მათ შორის კანდიდას ტიპის სოკოს და უამრავ სხვადასხვა სახის ბაქტერიას. 

ზოგიერთი ბაქტერია (ლაქტობაცილები) თავისი მოქმედებით უზრუნველყოფს საფუარის სოკოს ჭარბი ზრდის თავიდან აცილებას და საშოს ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას. 

თუმცა, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, ეს ბალანსი შეიძლება დაირღვეს. 

კანდიდას სახეობის სოკოს ჭარბი რაოდენობით ზრდა ან სოკოს შეღწევა საშოს უჯრედების ღრმა შრეებში, იწვევს კანდიდოზური ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებას. 

სოკოს სხვადასხვა სახეობის ჭარბი ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით: 

•ანტიბიოტიკების გამოყენება, რაც იწვევს ნორმალური ვაგინალური ფლორის დისბალანსს

•ორსულობა

•არაკონტროლირებული დიაბეტი

•დაქვეითებული იმუნური სისტემა

•ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ან ჰორმონოთერაპიული მედიკამენტების მიღება, რომლებიც თავისი მოქმედებით იწვევენ ჰორმონ ესტროგენის დონის მომატებას

Candida Albicans არის სოკოს ყველაზე ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც იწვევს კანდიდოზური ინფექციის განვითარებას და ადვილად ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას. სხვა ტიპის სოკოებით გამოწვეული კანდიდოზური ინფექციები კი შესაძლოა იყოს უფრო რთული სამკურნალოდ და საჭიროებდეს მეტად აგრესიული თერაპიის ჩატარებასა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი რეჟიმების გამოყენებას.

რისკ-ფაქტორები:

ფაქტორები, რომლებიც ზრდის სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკებს, მოიცავს შემდეგს:

•ანტიბიოტიკების გამოყენება. სოკოვანი ინფექციები ხშირია ქალებში, რომლებიც იტარებენ ანტიბიოტიკოთერაპიას. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც მიღებისას ანადგურებს უამრავი სახის ბაქტერიას, ასევე კლავს საშოს მიკრობიომის შემადგენელ ჯანსაღ, მეგობარ ბაქტერიებსაც. შედეგად, ირღვევა ბალანსი, რაც ხელს უწყობს საფუარის სოკოს უხვი ზრდის პროვოცირებას. 

•ესტროგენის დონის ზრდა. სოკოვანი ინფექციები ხშირია ქალებში, რომელთაც აქვთ ჰორმონ ესტროგენის მაღალი დონე - მაგალითად: ორსული ქალები ან ქალები, რომლებიც იღებენ ესტროგენის შედარებით მაღალი დოზებით შემცველ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ან იტარებენ ესტოგენულ ჰორმონოთერაპიას.

•არაკონტროლირებული დიაბეტი. სისხლში შაქრის დონის ცუდად კონტროლირების შემთხვევაში ქალები კანდიდოზური ინფექციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც კარგად აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს. 

•დაქვეითებული იმუნური სისტემა. დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ქალებს, რასაც მიეკუთვნებიან ქალები კორტიკოსტეროიდული თერაპიით ან აივ ინფექციით, უფრო ხშირად უვითარდებათ სოკოვანი ინფექციები.

 

პრევენცია:

იმისთვის, რომ შეამციროთ სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი, რეკომენდებულია: 

•ატაროთ ისეთი ბამბის თეთრეული ან საცვლები ბამბის შუალედით, რომლებიც ძალიან მჭიდროდ არ ეკვრის სხეულს

•სასურველია, არ გამოიყენოთ მჭიდროდ მორგებული კოლგოტები

•არ გამოიყენოთ საშოს სანაციები (ე.წ. საშოს გამორეცხვა), აღნიშნული პროცედურები არღვევს საშოს ნორმალურ მიკროფლორას და ზრდის კანდიდოზური ინფექციის განვითარების რისკებს

•ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ სხვადასხვა სახის სურნელოვანი საპნების, ინტიმური ჰიგიენის ზოგიერთი საშუალების და ქალბატონებისთვის განკუთვნილი ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორებიცაა მაგ: აბაზანის ბურთები, ასევე  ჰიგიენური საფენები და ტამპონები

•მოერიდეთ ცხელ აბაზანებს და ძალიან ცხელი წყლით შხაპის მიღებას

•მოერიდეთ არასაჭირო და არარაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიას, როგორიცაა მაგ: ანტიბიოტიკების გამოყენება გაციების ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს

•არ ატაროთ სველი ტანსაცმელი დიდი ხნის განმავლობაში, მაგ: საცურაო კოსტიუმი ან სავარჯიშო ტანსაცმელი

 

დიაგნოსტიკა:

სოკოვანი ინფექციის სადიაგნოსტიკოდ ექიმმა შეიძლება:

•დაგისვათ კითხვები თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის შეგროვებას წარსულში ვაგინალური ინფექციების ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ

•აწარმოოს მენჯის ღრუს გამოკვლევა. საწყის ეტაპზე ექიმი აფასებს თქვენს გარეთა სასქესო ორგანოებს ინფექციის ნიშნების არსებობაზე. შემდეგ აწარმოებს ვაგინალურ გამოკვლევას სპეციალური ინსტრუმენტის - სარკის გამოყენებით, რაც აძლევს შესაძლებლობას ექიმს, დაათვალიეროს საშოს კედლები და საშვილოსნოს ყელი და შეაფასოს მათი მდგომარეობა

•ვაგინალური ნაცხის გამოკვლევა. ექიმმა შესაძლოა აიღოს საშოს ნაცხის ნიმუში ტესტირებაზე გასაგზავნად, რათა დადგინდეს სოკოს ტიპი, რომელიც იწვევს კანდიდოზური ინფექციის კლინიკური ნიშნების განვითარებას ან გამოირიცხოს მისი არსებობა. სოკოს სახეობის იდენტიფიცირება დაეხმარება ექიმს, დანიშნოს უფრო ეფექტური მკურნალობა, განსაკუთრებით მორეციდივე სოკოვანი ინფექიცების არსებობის შემთხვევაში.

 

მკურნალობა:

სოკოვანი ინფექციების მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და სიხშირეზე.

მსუბუქი და ზომიერი კლინიკური სიმპტომების და ინფექციის იშვიათი ეპიზოდების შემთხვევებში, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ:

ვაგინალური თერაპიის მოკლე კურსის გამოყენება ან ადგილობრივი მკურნალობისა და პერორალურად მისაღები მედიკამენტების კომბინაცია. 

გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს კანდიდოზური ინფექციის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ მკურნალობის ადგილობრივი მეთოდების გამოყენება, ექიმის დანიშნულებით და მის მიერ შერჩეული საშუალებებით.

თუ ჩატარებული მკურნალობა არ მოაგვარებს თქვენს სიმპტომებს ან თუ სიმპტომები კვლავ გაჩნდება მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის შუალედში, განმეორებით მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენი კლინიკური სიმპტომატიკა მძიმედაა გამოხატული ან გაქვთ ხშირად მორეციდივე სოკოვანი ინფექციები, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ:

ვაგინალური თერაპიის შედარებით ხანგრძლივი კურსის ჩატარება, ასევე პერორალურად მისაღები სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები გარკვეული სქემით, რაც შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე პერიოდს.

 

მომზადება ექიმთან ვიზიტისთვის:

სოკოვანი ინფექციის არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, საჭიროა ვიზიტი გინეკოლოგითან საოფისე გარემოში. 

დანიშნულების მიცემა ტელეფონით ან ონლაინ კონსულტაციის გზით ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლო წარსულში იმავე დიაგნოზით მკურნალობდით ჯანდაცვის იგივე პროვაიდერთან და გჭირდებათ თერაპიის მეტად ეფექტური სქემის შერჩევა. 

 

ექიმთან ვიზიტამდე შეგიძლიათ: 

•შეადგინოთ თქვენი სიმპტომების ჩამონათვალი, ჩაინიშნოთ მათი გამოვლენის დრო და ინტენსივობა,

ჩაინიშნოთ ძირითადი ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი იმ მედიკაენტის, ვიტამინის ან საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ ამჟამად ან იღებდით მცირე ხნით ადრე.

•ექიმთან ვიზიტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოერიდეთ ვაგინალური ტამპონების გამოყენებას და საშოს სანაციებს. 

•შეადგინეთ კითხვების სია, რომლებიც გინდათ, რომ დაუსვათ ექიმს.

 

კითხვები, რომლებზე პასუხებიც შესაძლოა გაინტერესებდეთ ექიმისგან:

•მჭირდება მედიკამენტის მიღება?

•არსებობს რაიმე სპეციალური ინსტრუქცია წამლის მიღების შესახებ?

•მედიკამენტები, რომლებსაც მინიშნავთ, არის რეცეპტული თუ რეცეპტის გარეშეც შემიძლია მათი შეძენა?

•რა უნდა გავაკეთო, თუ სიმპტომები კვლავ გაჩნდება მკურნალობის ჩატარების შემდეგ?

•როგორ ავიცილო თავიდან სოკოვანი ინფექციის განვითარება მომავალში?

•რა კლინიკური  ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება?

 

ექიმთან კონსულტაციის განმავლობაში არ მოგერიდოთ ნებისმიერი იმ კითხვის დასმა, რომელიც იწვევს თქვენს დაინტერესებას!

 

რას უნდა ელოდოთ ექიმისგან?

თქვენი მკურნალი ექიმი, სავარაუდოდ, დაგისვამთ სხვადასხვა კითხვას, მათ შორის:

•რა სახის ვაგინალური სიპტომები გაქვთ და რამდენი ხანია, რაც აღნიშნული სიმპტომები გამოვლინდა?

•აქვს ვაგინალურ გამონადენს სპეციფიკური სუნი?

•გაქვთ თუ არა ჩატარებული მკურნალობა წარსულში ვაგინალური ინფექციების არსებობის გამო?

•კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ხომ არ გამოგიყენებიათ თვითნებურად რაიმე სახის სამკურნალო საშუალებები?

•იტარებდით თუ არა მკურნალობას ანტიბიოტიკებით ახლო წარსულში?

•ხართ თუ არა სქესობრივად აქტიური?

•ორსულად ხართ?

•იყენებთ სურნელოვან საპონს და დასაბან საშუალებებს ან აბაზანის ბურთებს?

•იყენებთ საშოს გამორეცხვებს?

•იყენებთ ინტიმური ჰიგიენის სპრეის ან სხვა მსგავს საშუალებებს?

 

იყავით ინფორმირებული!

 

დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია წარმატებული მკურნალობისთვის!

გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39

 

სტატიის ავტორი: 

ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე