Plasmon
ჩიყვის მკურნალობის ეფექტური სქემა ჰომეოპათიაში - თორნიკე ალაშვილი ფარისებრი ჯირკვლის შესახებ

თარიღი: 22 თებერვალი, 2020

როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებების მკურნალობა ჰომეოპათიური მედიკამენტებით, რა განსხვავებული მიდგომა აქვთ ენდოკრინოლოგებსა და ჰომეოპათებს და იკურნება თუ არა ჩიყვი მაშინ, როდესაც სახეზეა სხვა ქრონიკული დაავადებები. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, საქართველოს ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, კლინიკა „ოჯახის მკურნალის“ ექიმმა თორნიკე ალაშვილმა ისაუბრა.

-ბატონო თორნიკე, ვისაუბროთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ძალიან აქტუალურია. ეს არის ფუნქციურად შეცვლილი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ან შემთხვევა, როდესაც სახეზეა კვანძოვანი წარმონაქმნები. ფარისებრი ჯირკვლის რა ტიპის პრობლემისას შეიძლება დაგვეხმაროს ჰომეოპათია?

თორნიკე ალაშვილი:  ჩვენ გვაქვს ჰომეოპათიის გამოყენების 30 წლიანი გამოცდილება საერთო ჯამში, თუმცა პირველი 5-7 წელი ვცდილობდით, ჩიყვზე არ გვემუშავა, რადგან ამ მხრივ ჰომეოპათიას არ აქვს ბევრი ინფორმაცია და შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული მასალა შედარებით მწირია. ამიტომ დამწყებ ჰომეოპათებს ვურჩევ, იყვნენ ფრთხილად და არ დაიწყონ ჩიყვის მკურნალობა სათანადო ცოდნის და გამოცდილების გარეშე.

ჩიყვის მკურნალობა ჩვენ დავიწყეთ პრაქტიკის დაწყებიდან 7 წლის შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, დავიწყეთ კვანძოვანი ჩიყვის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის პრობლემებით, მოგვიანებით ამას დაემატა ტოქსიკური და დიფუზიური ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება). ბოლოს დავიწყეთ უკვე აუტოიმუნური ცვლილებების შემთხვევების (ანტისხეულების მომატება) და ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავების, ჰიპოპლაზიის მკურნალობა. ჰიპოპლაზია გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მოზრდილებში ამის მიზეზი შეიძლება თამბაქოს მოწევისათვის თავის დანებება ან ეთიროქსინის დიდხანს გამოყენება იყოს.

ჰომეოპათია ჩვენ ამ წლების განმავლობაში გამოვცადეთ როგორც კვანძოვანი ჩიყვის, ასევე დიფუზიური ჩიყვის დროს, როგორც ჰიპოთირეოზის (დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას), ასევე თირეოტოქსიკოზის (თირეოიდული ჰორმონებით ინტოქსიკაცია) დროს და ვნახეთ, რომ ეს მუშაობს, შესაძლებელია კორექცია, ხშირად კვანძები იწოვება, მაგრამ ყველა შემთხვევაში არა.

მაგალითად თუ არის ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვი , ამ დროს აუცილებელია ტრადიციული მედიცინა, ოპერაცია და მკურნალობა.

არის მარტივი შემთხვევებიც, რომლებიც კეთილთვისებიან სიმსივნედაც არ ითვლება, მაგალითად კოლოიდური კვანძოვანი ჩიყვი. ასეთი კვანძებიც არ იწოვება ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ.

ძირითადად იწოვება ისეთი კვანძები, რომლის წარმოშობის პროგნოზირებაც შეგვიძლია. მაგალითად გეტყვით, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი შეიძლება წარმოიქმნას კაპილარის გასკდომის და სისხლის დაგროვების გამო, შეიძლება წარმოიშვას ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის გამო, როდესაც ორგანიზმი ცდილობს გადაწყობას და სტიმულაციას, ამ დროს შეიძლება არასწორი პროცესები განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში და კვანძი წარმოიქმნას. კვანძები წარმოიქმნება აუტოიმუნური თირეოდიტის (დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ისეთი იმუნოგლობულინები (ანტისხეულები) გამომუშავდება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ კომპონენტის წინააღმდეგ არიან მიმართულნი და მის დაზიანებას იწვევენ) დროსაც. ასეთი კვანძების გაწოვა შესაძლებელია, ჩვენ პრაქტიკაში ათობით ასეთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც კვანძი მთლიანად ქრება და ფარისებრი ჯირკვალი თავისუფლდება. კარგ შედეგად ითვლება შედეგი, როდესაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ზომის და ფუნქციების აღდგენა და ყველაფერი ნორმაში დგება.

-ჩვენთვის ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ადამიანები ძირითადად, რაიმე მედიკამენტზე არიან დამოკიდებული, ძირითადად ეს არის  ჰორმონალური ან სხვა სახის პრეპარატები, რომლებსაც ენდოკრინოლოგი ნიშნავს. როდესაც მოგმართავთ პაციენტი ენდოკრინოლოგის დანიშნულებით, ამ პრეპარატების გამოყენება გრძელდება თქვენთან მკურნალობის პროცესში თუ წყდება?

თორნიკე ალაშვილი: ეს საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს და აუცილებლად კვალიფიციური ჰომეოპათის მიერ. ჩვენ უმრავლეს შემთხვევებში, როდესაც ეთიროქსინს უკვე ღებულობს პაციენტი, ვიწყებთ მკურნალობას ეთიროქსინის ფონზე, და ვცდილობთ თანდათან შევამციროთ და ბოლოს საერთოდ მოვხსნათ, თუ ამის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული მონაცემები და მაჩვენებლები მკურნალობის პროცესში, მაგ: FT4-ის,  FT3-ის და TSH-ის მონაცემები, ფარისებრი ჯირკვლის ზომა და კლინიკური მონაცემები. 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰორმონალური პრეპარატების პირდაპირ მოხსნა. ზოგიერთმა ჰომეოპათმა ეს არ იცის და მასთან მისულ პაციენტს ერთი ხელის მოსმით აწყვეტინებს ჰორმონალურ პრეპარატებს, რაც დაუშვებელია. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს ეთიროქსინის დიდი დოზის უეცრად შეწყვეტამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა გამოიწვიოს, რასაც თავის მხრივ შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები. ამიტომ ჰორმონალური პრეპარატები უნდა მოიხსნას ნელ-ნელა და მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს პაციენტი, მუდმივად უნდა მოწმდებოდეს მისი მაჩვენებლები.

-კონკრეტულ შემთხვევებზე რომ ვისაუბროთ, როგორი შედეგები ჰქონდათ თქვენს პაციენტებს წლების წინ და როგორი შედეგებია დღეს? ასევე თუ შეიძლება, რომ აგვიხსნათ როგორ მოქმედებს მედიკამენტი, რომელსაც თქვენ იყენებთ?

თორნიკე ალაშვილი: შემიძლია ვისაუბრო თუნდაც ბოლო პაციენტზე, რომელიც შემოვიდა ტოქსიკური ჩიყვით, ანუ თირეოტოქსიკოზით. ჰომეოპათიურ მკურნალობამდე იგი ანტიჰორმონზე იმყოფებოდა. ჰომეოპათიური მკურნალობის შემდგომ, უკვე ორი კვირის შემდეგ მას მოეხსნა როგორც გულის აჩქარება, ასევე კანკალი, უძილობა და სხვა ჩივილები. ამის შემდეგ პაციენტმა განმეორებითი ანალიზები ჩაიტარა, რომელთა შედეგებიც პირველ ანალიზებთან შედარებით ბევრად უკეთესია. რაც მთავარია, ნორმაში ჩადგა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი FT4, დანარჩენი მაჩვენებლები კი ბევრად გაუმჯობესდა.

ტოქსიკური ჩიყვის კორექციის შემთხვევები გვქონია ორსულ პაციენტებშიც. სხვათა შორის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, იქნება ეს დიფუზიური, კვანძოვანი, აუტოიმუნური თუ უკმარისობის ტიპის, ქალბატონებში 10-15-ჯერ მეტად გვხვდება, ვიდრე კაცებში.

ქალებში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება ხდება ორსულობის დროს. ამ დროს ესტროგენის ზემოქმედებით ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ცილებს, რომლებიც რეაქციაში შედიან თიროზოლთან და თავისუფალი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემცირება ხდება, მცირდება TSH-იც, რაც ზოგადად ნორმალურად ითვლება, თუმცა არის პათოლოგიური შემთხვევებიც, როდესაც ორგანიზმი საკმარის ჰორმონს უბრალოდ ვერ გამოყოფს.

ადრე თიროზოლს, ენტიროქსინს და მსგავს პრეპარატებს ვერ ნიშნავდნენ ორსულობისას ენდოკრინოლოგები, ისინი პაციენტს ორსულობის შეწყვეტას ურჩევდნენ რის შემდეგაც პაციენტები ჰომეოპათებს აკითხავდნენ. დღეს, როდესაც ენტიროქსინი მიიღება არა ძროხის ჯირკვლიდან, არამედ სუფთა სახით, უკვე შეიძლება მისი დანიშნვა ორსულისთვის ენდოკრინოლოგის მიერ, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს და გვერდითი მოვლენები აქვს.

თირეოტოქსიკოზის კორექცია ორსულებში ხშირად გაგვიკეთებია თან ძალიან სწრაფად და ეფექტურად. შედეგი მიღწევადია 3-4 დღეში. ასეთ მოკლე პერიოდშიც კი, პაციენტს უქრება გარეგნული ნიშნები, გადმოკარკლული თვალები, გულის აჩქარება და ა. შ. ჩივილები ჩერდება, ყველაფერი დგება ნორმაში, ორსულობა კი ნორმალურად მიმდინარეობს, ნაყოფს საფრთხე არ ექმნება, იგი ნორმალურად ვითარდება. ჩვენ ვმკურნალობთ როგორც ამ მიზეზით გამოწვეულ უშვილობას, ასევე ვეხმარებით მსგავსი დიაგნოზის მქონე ქალბატონებს ორსულობის ბოლომდე მიყვანაში.

-შეიძლება თუ არა , რომ ჰომეოპათიურმა მკურნალობამ რაიმე ტიპის უკუჩვენება მოგვცეს მკურნალობის საწყის ეტაპზე? 

თორნიკე ალაშვილი: რასაკვირველია, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. მაგ: თუ პაციენტმა თვითნებურად მოიხსნა ჰორმონის დიდი დოზა, რომელიც დანიშნული ჰქონდა და შეწყვიტა მისი მიღება, ან მოვიდა ექიმთან, მაგრამ შემდეგ არ მოვიდა კონტროლზე, არ ჩაიტარა ანალიზები და ექოსკოპია და ექიმისაგან დამოუკიდებლად ჩათვალა, რომ განიკურნა, შემდეგ რასაკვირველია, ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება ისევ აღმოჩნდეს კრიზისში. შეიძლება განვითარდეს დიფუზიური ჩიყვი ან კვანძები წარმოიქმნას. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ მკურნალობის პროცესი ბოლომდე არ იქნ ა მიყვანილი.

 

-ვისაუბროთ ჰომეოპათიური მედიკამენტების მოხმარებაზე. ბევრი მადლიერი ადამიანის გარდა, არის ასევე ადამიანთა ნაწილი, ვინც ჰომეოპათიისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. ეს შეიძლება იყონ ადამიანები, ვისაც ჯერ არ უნახავს მკურნალობის შედეგი. ამიტომ მინდა გკითხოთ ჰომეოპათიური მედიკამენტების მუშაობის პრინციპზე. რა მექანიზმით მუშაობს ეს მედიკამენტები და როგორ ვაღწევთ შედეგს, რომელსაც პაციენტი მიჰყავს ან გამოჯანმრთელებამდე ან სიტუაციის გაუმჯობესებამდე.

თორნიკე ალაშვილი: ჰომეოპათიური პრეპარატები, რომლებიც თავის მხრივ არის მცენარეული, ცხოველური ან მინერალური, ინიშნება მსგავსების პრინციპით და იმდენად მცირე დოზით, რომ ჯერჯერობით მოლეკულურ დონეზე ახსნა არ აქვს, ამიტომაც ითვლება ალტერნატიულ მედიცინად და არ არის ინტეგრირებული ევროპულ მედიცინასთან.

როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის 60-70% წყალია, ახალშობილებში ეს მაჩვენებელი 90%-ია, ასაკთან ერთად კი მაჩვენებელი კლებულობს 45-50%-მდე. ეს არის მასობრივი მონაცემები, მაგრამ თუ მოლური წილით დავთვლით, 98% ორგანიზმის მოლეკულების არის წყალი. სხვა ყველაფერი, მათ შორის სისხლი, ძვალი, ფერმენტები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები 2%-ს არ აღემატება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჰომეოპათიური პრეპარატები არ მოქმედებს არც ნევროლოგიურ დაბოლოებებზე და არც სხვა სისტემებზე, ის მოქმედებს პირდაპირ წყალზე და ცვლის მის სტრუქტურას, ეს კი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პათოპლოგიასთან ბრძოლის პროცესში. თუმცა ეს საკითხი ჯერ ღრმად შესწავლილი არ არის. საინტერესოა ფსიქოსომატური დაავადებები და მათდამი მიდგომებიც, რომლებიც ასევე არ არის ჯერ ღრმად შესწავლილი. არ არის დადგენილი, თუ რა კავშირია ადამიანის ხასიათსა და იმ სხვადასხვა სიმპტომებს შორის, რომლებიც დამახასიათებელია სხვადასხვა ფიზიკური ან ენდოკრინული დაავადებებისათვის.

ჰომეოპათიის თვალსაზრისით გამოიყოფა ორი ერთმანეთის  საპირისპირო ტიპი: თირეოიდული და მელატონინის ტიპი , ისინი განსხვავდებიან როგორც დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული.

თირეოიდული ტიპი არის აქტიური ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ბევრი საქმის კეთება, იოლად საუბრობს, არის ძალიან კომუნიკაბელური. მაგ: უკრაინის პრეზიდენტი არის ამ ტიპის ადამიანი.

ასეთ ადამიანებს ანალიზებიც სხვანაირი აქვთ. შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მათ ნორმად მიჩნეულზე მეტი ჰქონდეთ, თუმცა მათთვის სწორედ ეს მაჩვენებელი იყოს ნორმა და არა ზედმეტი. ამას თანამედროვე მედიცინა არ ითვალისწინებს.

სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა, როდესაც მელატონინის ჰორმონი უფრო მეტია ორგანიზმში, ვიდრე სხვა ჰორმონები. ამ დროს სახეზეა მელაპტონინის ტიპი, დეპრესიული ადამიანი, პესიმისტი, დინჯი. შესაძლოა აწუხებდეთ ჭარბი წონა, თუმცა მათ აქვთ ძლიერი ინტუიცია და ფაქტიურად ყველაზე უსაფრთხო ადგილის არჩევა შეუძლიათ ცხოვრებაში ნებისმიერ სიტუაციაში. საინტერესოა, რომ ასეთი ტიპის ადამიანები ძალიან ხშირად არიან ავია ან ავტოკატასტროფებში გადარჩენილები.

მათ ანალიზებში შესაძლოა პირიქით, მინიმუმზე ქვემოთ იყოს ჰორმონალური მაჩვენებლები, თუმცა მათთვის ეს იყოს ნორმა.

მექანიზმებზე შემიძლია დავამატო, რომ როდესაც ჰომეოპათიური პრეპარატით ვმკურნალობთ ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობას ან ჰიპერფუნქციას, TSH თავიდანვე ნორმაში კი არ მოდის, ჰიპოთირეოზის დროს შეიძლება მაჩვენებელი გაიზარდოს, ერთი თვის შემდეგ კი, როცა ფარისებრი ჯირკვალი ნორმაში მოვა, ჩადგეს ნორმაში. ესეც უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ჰომეოპათებმა და ენდოკრინოლოგებმაც, რომელთა სტრატეგიაც არასწორად მიმაჩნია ხშირ შემთხვევებში იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ სასწრაფოდ მოიყვანონ ნორმაში TSH. ამას შევადარებდი მანქანის მართვის პროცესს, როდესაც ჩვენ შესაძლოა გარემოს, გზის მდგომარეობის, რელიეფის და ამინდის გაუთვალისწინებლად გამოვიყენოთ გაზის და მუხრუჭის პედლები. გამოვიყენოთ არა სპიდომეტრი და დამატებითი მონაცემები, არამედ მხოლოდ პედლებით ვაკონტროლოთ სიჩქარე.

TSH სწორედ ასეთი ჰორმონია. მისი შემცირება ამუხრუჭებს ფარისებრი ჯირკვლის გამართულ მუშაობას, მომატება კი ერთგვარად ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და ჰიპერაქტიურს ხდის.

ჰომეოპათები კომპლექსურად ვაფასებთ ვითარებას: როგორც კლინიკურ, ასევე ლაბორატორიულ მონაცემებს.

-რა ტიპის პრობლემები შეიძლება შექმნას ორგანიზმისთვის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემამ? მაგ: ტოქსიკურმა ჩიყვმა, კვანძოვანი ტიპის ჩიყვმა და ა.შ. რა ტიპის ჩივილები იჩენს თავს ამ დროს?

თორნიკე ალაშვილი: პირველ რიგში, პრობლემები იქმნება ორსულობასთან დაკავშირებით. საქმე ეხება როგორც დაორსულებას, ასევე ნაყოფის შენარჩუნებას.

შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიამ გამოიწვიოს შეკრულობა, კანის სიმშრალე და დასკდომა, მეტყველების შენელება და ზოგადად, ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესის შენელება. თუ ჩიყვი პირიქით, ტოქსიკურია, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიგამხდრე ან არითმია.

თუმცა ეს ყველაფერი კორექციას ექვემდებარება მათ შორის მაშინაც, თუ პაციენტს ჰორმონალური პრეპარატები აქვს დანიშნული.

-რას გვეტყვით იმ შემთხვევებზე, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გარდა, ადამიანს სხვა ორგანოს პრობლემა ან დაავადებაც აქვს? მაგ: როდესაც ამას თან ერთვის დიაბეტი ან რაიმე სხვა ტიპის ქრონიკული დაავადება.

თორნიკე ალაშვილი:  საერთოდ ჰომეოპათია ქოლისტიური მედიცინაა, ანუ ის ორგანიზმს მთლიანობაში განიხილავს და არა ცალკეულ ორგანოებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ დარღვევას და ფაქტორს, რაც ორგანიზმში არსებობს. მკურნალობა კომპლექსურია, შეირჩევა კონსტიტუციონალური პრეპარატი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე პათოლოგიის მკურნალობა.

-იმ ადამიანების საბოლოო მიზანი, ვინც ავადაა, ცხადია დაავადებისაგან სრული გამოჯანმრთელებაა. გვაძლევს თუ არა ჰომეოპათია ასეთ შედეგს ან გარანტიას?

თორნიკე ალაშვილი:  უმეტეს შემთხვევებში კი. თუმცა ზოგჯერ ხდება ისეც, რომ პაციენტს ბოლოდე არ მიჰყავს საქმე და არ ასრულებს ყველა დანიშნულებას, შემდეგ კი აქვს პრეტენზია.

მაგალითად, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰიპოპლაზიურ მდგომარეობაშია და უკიდურესადაა შემცირებული მისი ზომები, მიმდინარეობს მკურნალობა, ნელ-ნელა იხსნება დიროქსინი და ჯირკვალი ნორმალურ ზომას უბრუნდება, თუმცა თუ ყველა დანიშნულება ზუსტად და ბოლომდე არ შესრულდა, თუ პრეპარატი ერთბაშად, თვითნებურად მოიხსნა პაციენტმა, შედეგი რამდენიმე წელი გასტანს და შემდეგ ისევ იმავე პრობლემის წინაშე ვდგებით, ფარისებრი ჯირკვალი იწყებს განლევას და მას აღარ აქვს რეზერვი, თავისით აღდგეს. ამ დროს ისევ საჭიროა ჩანაცვლებითი ჰორმონების ჩართვა.

თუ ძლიერი მორფოლოგიური დეფექტია სახეზე, თუ პაციენტს გაკეთებილი აქვს ოპერაცია და ა.შ მაშინ სხვა მეთოდებიც უნდა იქნას გამოყენებული.

-მკურნალობის ვადაზე მინდა გკითხოთ. ცხადია, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ დაახლოებით რა ვადაზეა საუბარი? მე პირადად გამოცდილი მაქვს თქვენი სამკურნალო ბურთულების სწრაფი შედეგი სპაზმური ხველის დროს და ზოგადად, ხველის სხვადასხვა ტიპების დროს, მაგრამ ჩიყვი ხომ არ არის პრობლემა, რომელსაც ერთი ხელის მოსმით ეშველება. რას გვეტყვით ჩიყვისაგან განკურნების ვადებზე?

 

თორნიკე ალაშვილი: გააჩნია რა სახის ჩიყვთან გვაქვს საქმე და რამდენი ხანია ის მიმდინარეობს. თუ ეს არ არის მწვავე ტოქსიკური ჩიყვი, თუ   ახალი დაწყებულია, არ არის ანტიჰორმონებზე პაციენტი, ეს პროექციას რამდენიმე დღეში ექვემდებარება, რაც შეეხება ლაბორატორიულ შედეგებს, ამას უფრო მოგვიანებით ვხედავთ.

-რაზეა დამოკიდებული კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში, იმუშავებს თუ არა ჰომეოპატია ისე ეფექტურად, როგორც ეს თქვენ გსურთ, რომ მოხდეს?

თორნიკე ალაშვილი: გააჩნია, რამდენად სწორად იხსნება პაციენტი ექიმთან, რომ მოხდეს მდგომარეობის სწორი შეფასება. ზოგ პაციენტს მიაცნია, რომ კონკრეტულ ექიმს მხოლოდ კონკრეტულ სიმპტომებზე უნდა ელაპარაკოს, რადგან სხვა სიმპრომები სხვა ექიმის კომპეტენციაა. ამ დროს, ბუნებრივია, რთულია სრული სურათის დანახვა. ჰომეოპათია მდგომარეობას აფასებს ყველა ჭრილში მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტული პრობლემით არის მოსული პაციენტი. სწორ ანამნეზზეა დამოკიდებული სწორი თერაპია.

-პაციენტები ძალიან ხშირად ჩივიან ენდოკრინოლოგთან ვიზიტის შემდეგ, რომ დაუნიშნეს ძალიან ბევრი კვლევა. თქვენ რა სახის კვლევების შედეგები გჭირდებათ მკურნალობის დასანიშნად?

თორნიკე ალაშვილი: საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ხშირად TF4 და TSH, თუმცა ისეც მომხდარა, რომ კვლევების გარეშეც დაგვისვამს დიაგნოზი. იყო შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა თავი დაანება სიგარეტის მოწევას და დაეწყო ღრძილებიდან ჩირქის დენა, მეტყველების შენელება და ბევრი სხვა სიმპტომი გამოუვლინდა. ნევროლოგებსა და სტომატოლოგებთან ნახევარწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ მოგვაკითხა, დავუდგინეთ ფარისებრი ჯირკვლის ძლიერი უკმარისობა, დავუნიშნეთ მკურნალობა და ჩივილები ორ კვირაში მოეხსნა. როდესაც შემდეგ გაკეთდა ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ზომა არ არემატებოდა 4.0-ს, მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო ანალიზებშიც.

-თამბაქოს მოხმარება ახსენეთ და აქვე ჩაგეკითხებით, არის თუ არა რაიმე სახის კატეგორიული აკრძალვები ჰომეოპატიური მკურნალობის დროს, განსაკუთრებით როდესაც ისეთ მძიმე დარღვევებზეა საუბარი, როგორიც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებია?

თორნიკე ალაშვილი:  საერთოდ, მე კატეგორიული აკრძალვები არ მჩვევია და ჰომეოპათიურ მკურნალობას მოწევა ხელს არ უშლის, თუმცა ნიკოტინი ფარისებრ ჯირკვალზე მოქმედებს. როგორც გითხარით, ნიკოტინი ფარისებრი ჯირკვლის ერთგვარი სტიმულატორია და შეიძლება მოწევისათვის თავის დანებების შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა განვითარდეს. ამასთან შეიძლება კავშირში იყოს წონაში მატებაც, მოწევისათვის თავის დანებების შემდეგ. არის სხვადასხვა სახის პათოლოგიები, რომელთა დროსაც მოწევა არ არის სასურველი, მაგალითან ნევროზულ-პანიკური შეტევები, ვეგეტოდისტონიები და ა.შ. ამ დროს ჩვენ პირდაპირ ვურჩევთ მოწევისათვის თავის დანებებას პაცინეტებს, რადგან ამის გარეშე არ იქნება შედეგი, ვინაიდან მოწევა ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. სხვა შემთხვევევბში, როდესაც პათოლოგია პირდაპირ არ არის დაკავშირებული მოწევასთან, ცხადია ყველა პაციენტს ვერ მოვთხოვთ სიგარეტის მოწევისათვის თავის დანებებას.

-სად ხედავთ თქვენ ჰომეოპათიის ადგილს მსოფლიო მედიცინაში? თქვენი პრაქტიკიდან და კვლევებიდან, ასევე მსოფლიო სტატისტიკიდან გამომდინარე რომ გვითხრათ, რომელია ჰომეოპათიის ყველაზე ძლიერი მხარე და სად ვერ ხედავთ ჰომეოპათიას, როგორც გამოსავალს? 

თორნიკე ალაშვილი: ჰომეოპათია მაინც კომპლექსური, ამბულატორიული პროფილის პაციენტებისათვის სამკურნალო საშუალებაა, როგორც ფსიქოლოგიურ-ნევროზული, ასევე ენდოკრინული და სომატური პათოლოგიების დროს. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ალერგიების, ნევროლოგიური დარღვევების, აუტიზმის, ფსორიაზის და კანის სხვადასხვა დაავადებების დროს. საერთოდ, ჰომეოპათია ფართო პროფილის მქონე მეცნიერებაა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ვერევით მძიმე შემთხვევებში და პაციენტს რეანიმაციის პირობებში ვეხმარებით. გადაგვირჩენია კიდევაც პაციენტი უმძიმესი თავის ტრავმით, თუმცა ზოგადად, როდესაც ოპერაციაა საჭირო და გადაუდებელი თერაპიის საჭიროებაა, ეს არ არის ჰომეოპათიის პროფილი და პაციენტებმა სათანადო საშუალებებს, ტრადიციულ მედიცინას და შესაბამის სპეციალისტს უნდა მიმართონ.

წყარო: https://fortuna.ge/