Plasmon
უახლესი ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები ენდომეტრიოზის შესახებ

თარიღი: 24 ოქტომბერი, 2022

ენდომეტრიოზი არის მდგომარეობა, რომლის არსებობის დროსაც საშვილოსნოს შიდა შრის - ენდომეტრიუმის ქსოვილების აღმოჩენა ხდება მათი ტიპიური ლოკალიზაციის ადგილის გარეთ. ვითარდება ქრონიკული ანთებითი რეაქცია, რის შედეგადაც ჩნდება  შემაერთებელი ქსოვილისგან წარმოქმნილი შეხორცებითი ჭიმები.

 

ენდომეტრიოზის კერები შესაძლებელია იყოს როგორც საშვილოსნოში, ასევე საკვერცხეებში, ფალოპის მილებში და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე: მენჯის ღრუს პერიტონეუმზე, რექტო-ვაგინალურ მიდამოში, შარდის ბუშტსა და ნაწლავებზე. იშვიათ შემთხვევებში ენდომეტრიოიდული ჩანართები სხეულის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის დიაფრაგმაზე, ფილტვის ქსოვილსა და თვალშიც კი გვხვდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზი ასოცირდება ქრონიკულ ანთებასთან და იმუნოლოგიურ დისფუნქციასთან, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რათა ენდომეტრიოზი მივიჩნოთ აუტოიმუნურ დაავადებად.

 

მსოფლიოს მასშტაბით ქალების დაახლოებით 10%-ია დაავადებული ენდომეტრიოით, რაც საშუალოდ 176 მილიონს შეადგენს.

ენდომეტრიოზის გავრცელების ეს პრევალენსი იგივეა, რაც დიაბეტის გავრცელების სიხშირეა მსოფლიოში.

ენდომეტრიოზი გავლენას ახდენს რეპროდუქციული ასაკის ყოველი 10-დან 1 ქალზე.

უნაყოფობის მქონე ქალებში კი ენდომეტრიოზის პრევალენსი 30-50%-ის ფარგლებში მერყეობს.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები მკაფიოდ უსვამს ხაზს ენდომეტრიოზის დროული დიაგნოსტიკის და მისი სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობას.

ენდომეტრიოზის გამოვლენის ტიპიური ასაკი 15-49 წლებია.

ეს ასაკობრივი მონაცემები მეტად საყურადღებოა იმის გამო, რომ ენდომეტრიოზის განვითარება შესაძლოა დაიწყოს ჯერ კიდევ გოგონას ადრეულ რეპროდუქციულ პერიოდში - მენარხესთან მიახლოებულ წლებში, ხოლო მენოპაუზამ შესაძლოა ყოველთვის არ შეამციროს ენდომეტრიოზთან ასოცირებული კლინიკური სიმპტომატიკა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ქალს განვითარებული აქვს შეხორცებითი პროცესი ენდომეტრიოზის ან ამ დიაგნოზის გამო ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდგომ. მენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიოზის სიმპტომების კვლავ პროგრესირებაზე გარკვეული ჰორმონალური ფონიც ახდენს გავლენას.

უნდა ვიცოდეთ, რომ ენდომეტრიოზი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მისი გავრცელების სიხშირის გამო - განსაკუთრებით კი კავკასიის რეგიონში, არამედ, ამ დაავადების სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტების თვალსაზრისითაც.

ენდომეტრიოზი გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე. რის გამოც, ჯანდაცვის  სეგმენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი რაოდენობით თანხების გამოყოფა უწევს ამ დაავადებასთან საბრძოლველად. მაგალითისთვის, დიდი ბრიტანეთის (UK) მონაცემებით, ენდომეტრიოზის სამკურნალოდ წლიურად დაახლოებით 8.2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იხარჯება. ეს თანხა ნაწილდება მკურნალობაზე, სამუშაოს დაკარგვით გამოწვეულ ზარალსა და ჯანდაცვის ხარჯებზე.

 

ენდომეტრიოზის კლინიკური სიმპტომატიკა მოიცავს შემდეგს:

- ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუს მიდამოში

- ძლიერ მტკივნეული პერიოდები

- მტკივნეული ოვულაცია

- ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს ან მის შემდეგ

- ჭარბი სისხლდენა ან აბნორმული სისხლდენების არსებობა - მუქი ყავისფერი გამონადენის არსებობა მენსტრუაციის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ, ასევე მენსტრუაციებს შორის პერიოდებში

- საშარდე და საჭმლის მომნელებელი სისტემისმხრივი პრობლემები (მაგ: გულისრევა, შებერილობა)

- დაღლილობა

- უნაყოფობა

- მნიშვნელოვანი გავლენა ზოგად ფიზიკალურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე

 

შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში ენდომეტრიოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს!

 როგორც ქალების, ასევე ჯანდაცვის პროვაიდერების მხრიდან ინფორმირებულობის ზოგადი ნაკლებობა - პერიოდულად სიმპტომების მეტ-ნაკლებად “ნორმალიზების” გამო, იწვევს მნიშვნელოვან შეფერხებას იმ დროიდან, როდესაც ქალს თავდაპირველად გამოუვლინდება სიმპტომები, იმ დრომდე, სანამ საბოლოოდ არ მოხდება ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმა და არ დაიწყება მკურნალობა.

 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კლინიკური სიმპტომების დაწყებიდან ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმამდე პერიოდი მსოფლიოში საშუალოდ 8 წელს მოიცავს.

 

ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. არსებობს მხოლოდ გარკვეული თეორიები.

როგორც ვარაუდობენ, დიდი ალბათობაა იმის, რომ გარკვეული გენები თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს ენდომეტრიოზის განვითარებაში. რასაც ამყარებს ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქალებს, რომელთა დედებს ან დებს ანამნეზში ჰქონდათ/აქვთ ენდომეტრიოზი, აქვთ უფრო მაღალი რისკები ამ დაავადების განვითარებისთვის.

 

შესაძლებელია მენსტრუალური პერიოდის დაწყების ასაკიც თამაშობდეს გარკვეულ როლს ენდომეტრიოზის განვითარებაში.

არის მტკიცებულებები, რომ დიოქსინის (გარემოს დამაბინძურებლის) ზემოქმედება ზრდის ენდომეტრიოზის განვითარების და მისი სიმპტომების მეტად გამოვლენის რისკებს.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ენდომეტრიოზის სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტად ოპერაციული ჩარევის გზით მიღებული ქსოვილების ჰისტო-მორფოლოგიური გამოკვლევა ითვლებოდა. დღევანდელ პირობებში კი მიდგომა შეიცვალა და ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა კვლევის გამოსახულებით მეთოდებსა და პაციენტის კლინიკური სიმპტომატიკის მაჩვენებლებს ემყარება.

არ არსებობს ენდომეტრიოზის მკურნალობის გარანტირებული მეთოდებიც. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურია ენდომეტრიოზის სამკურნალოდ, საჭიროა მათი ხანგრძლივი გამოყენება, რაც, გვერდითი ეფექტების გამო, გარკვეულწილად ქმნის დაბრკოლებას.

დღესდღეისობით, ენდომეტრიოზის სამკურნალო ისეთი მედიკამენტოზური მეთოდი, რომელიც იქნებოდა ეფექტური და უსაფრთხო, მინიმუმამდე შემცირებული გვერდითი მოვლენებით პრაქტიკულად არაა შექმნილი.

ქირურგიული ჩარევა შესაძლოა იყოს ეფექტური მეთოდი ენდომეტრიოდული დაზიანებების და წარმოქმნილი ნაწიბუროვანი ქსოვილის მოსაცილებლად, მაგრამ წარმატების მაჩვენებელი მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების დროსაც დამოკიდებულია როგორც დაავადების ხარისხზე, ასევე სათანადო აღჭურვილობასა და ქირურგის კვალიფიკაციაზე.

ორსულობამ შესაძლოა შეამსუბუქოს ენდომეტრიოზთან ასოცირებული კლინიკური სიმპტომატიკა, თუმცა ეს არ შეიძლება ნიშნავდეს დაავადებისგან განკურნებას.

ჰისტერექტომია ასევე გარკვეულ დადებით როლს თამაშობს სიმპტომების შემცირების კუთხით, მაგრამ ეს ოპერაციული ჩარევაც ვერ იქნება მიჩნეული დაავადებისგან განკურნების გარანტად.

საკვერცხეების ქირურგიული გზით მოცილება ჰისტერექტომიასთან ერთად ზრდის ტკივილის და ენდოეტრიოზთან ასოცირებული სხვა კლინიკური სიმპტომატიკის შემცირების ალბათობას, თუმცა, აღნიშნული ჩარევა განაპირობებს ქალის მენოპაუზაში დაუყოვნებელ გადასვლას, რაც ასევე ფრთხილად სამართავ და სენსიტიურ საკითხს განეკუთვნება.

 

ყოველი წლის მარტი მსოფლიოში ენდომეტრიოზის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება!

ენდომეტრიოზის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კამპანიის ძირითადი მიზანი მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა, რათა დროულად მოხდეს ამ დაავადების სიმპტომების ამოცნობა.

 

გახსოვდეთ, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის მეტ ალბათობას გულისხმობს!

იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 63 89 39

 

სტატიის ავტორი:

ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე